ახალგაზრდობა

 

დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ახალგაზრდობა თანამედროვე ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს. შესაბამისად, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ახალგაზრდობის  სრულფასოვანი მონაწილეობა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ახალგაზრდული პოლიტიკის სწორად შემუშავება და განხორციელება კიდევ უფრო ზრდის ახალგაზდრობის პოტენციალსა და როლს. ამისათვის კი პირველ რიგში აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდობის სოციალურ კატეგორიად აღქმის დამკვიდრება.

 

ახალგაზრდების განვითარება და მათი სოციალურ-პოლიტიკურ პირობების გაუმჯობესება სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა ეს უნდა მოხდეს პროცესებში თავად ახალგაზრდების აქტიურად ჩართვით და არ უნდა ატარებდეს ზემოდან ქვემოთ მომდინარე დირექტივების სახეს. სახელმწიფოსა და ახალგაზრდობას შორის ურთიერთობა უნდა ატარებდეს ორმხრივი პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის სახეს.

 

მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდულ პოლიტიკას უნდა გააჩნდეს ორი ძირითადი მიზანი. პირველ რიგში, ის უნდა ემსახურებოდეს თავად ახალგაზრდების განვითარებას ინდივიდუალურ დონეზე, მის სრულუფლებიან, პროგრესულ და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. მეორე მხრივ კი, ამგვარი ახალგაზრდა მოქალაქეების აქტიური ჩართვით სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, თანამედროვე ტიპის ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა.

 

ახალგაზრდული პოლიტიკის მჭიდრო დაკავშირება უნდა მოხდეს ქვეყნის სოციალურ პოლიტიკასთან, რაც ახალგაზრდებისთვის სხვა სოციალური ჯგუფების მსგავსად ქვეყანაში მინდინარე პროცესებში თანაბარი მონაწილეობისა და ჩართულობის მხარდაჭერას გულისხმობს. თუმცა ამავდროულად, ახალგარდებს უნდა გააჩნდეთ არამარტო ჩართულობის, არამედ მასზე გავლენის მოხდენის საშუალებაც.

 

სახელმწიფოს მხრიდან მატერიალური თუ არამატერიალური რესურსებით ახალგზარდობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: 

  • ახალგაზრდების უფლებებისა და სამოქმედო არეალის ზრდა, რაც განაპირობებს მათ მეტ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესებში;
  • დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, რაც გაზრდის მათი ჩართულობის ხარისხს;
  • ახალგაზრდულ პოლიტიკაში სხვა აქტორების ჩართვას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს და ფინანსრული წრეების სახით, ასევე სამოქალაქო სექტორისა და მედიის მხარდაჭერის მობილიზებით.

 

 

 

სპორტი

სპორტის რეფორმის მთავარი მიზანია ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, უპირველესად კი, ახალგაზრდობაში. სპორტის რეფორმის ძირითადი  პრიორიტეტებია:

  • სპორტის შესახებ ახალი კანონის მომზადება;
  • სპორტის  დეპოლიტიზება და დეცენტრალიზება;.
  • პირობების შექმნა იმისათვის, რომ სპორტში ჩაბმა ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობის ყველა ფენისათვის;
  • სპორტული ინფრასტრუქტურის მოდერნიზება;
  • უმაღლესი აკადემიური და საშუალო სპორტული განათლების, აგრეთვე სპორტის მეცნიერების განვითარება;
  • სპორტული მედიცინის განვითარება;
  • სპორტში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით სპორტული მიღწევების პოპულარიზაცია, უპირველესად კი, ახალგაზრდებს შორის.

კულტურა

 

კულტურის სფეროში გასატარებელი ღონისძიებების შედეგად საქართველო თანამედროვე სამყაროს ღირსეული წევრი უნდა გახდეს. ამ მიზნით უნდა შემუშავდეს კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული  იქნება ისეთი პრინციპები, როგორებიცაა:

  • საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი საქმიანობა კულტურის სფეროში  და შემოქმედებით პროცესში ხელისუფლების ჩაურევლობის უზრუნველყოფა.  უნდა გამოირიცხოს ხელისუფალთა მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებები;
  • ქართული კულტურული სივრცის მსოფლიოს კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, რეაბილიტაციის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს საერთაშორისო სტანდარტების, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით;
  • კულტურის სფეროში დაფინანსების გაზრდა ევროკავშირის ქვეყნების ნიმუშის მიხედვით;
  • კულტურის სფეროში ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის შემოღება – უნდა დაწესდეს საგადასახადო პრივილეგიები კულტურაში ინვესტირების მსურველთათვის, რაც განაპირობებს დაფინანსებაში სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამონაწილეობას;
  • საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურათა წახალისება, მათი ჩაბმა ერთიანი კულტურის პოლიტიკის განხორციელებაში;
  • კულტურის სფეროში სახელმწიფო კონკურსების დაფუძნება და კომპეტენტური სახელმწიფო კომისიების შექმნა.

 

საგანგებო ღონისძიებებია გასატარებელი ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, დასაცავად. სახელმწიფო ენაზე ზრუნვა კვლავ უნდა იკისროს სახელმწიფომ, რათა გარანტირებული იყოს   ქართული ენის  კონსტიტუციური სტატუსის დაცვა.  უნდა შემუშავდეს და ამოქმედდეს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ. არაქართულენოვან  მოსახლეობასთან მიმართებით შესამუშავებელია სათანადო პოლიტიკა და ღონისძიებები. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არაქართულენოვანი მოსახლეობის ჩაბმას საერთო სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, რათა მათ ქართული სახელმწიფოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი.