ავტორი:  ნინო მიქელაძე (2015 წლის სკოლის გამარჯვებული)

2015 წელი

 

აბსტრაქტი

ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საგადასახადო სისტემის გამართული ფუნქციონირება, თუმცა, განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის არსებული უთანაბრობის ხარისხის განსაზღვრაც. ამ მხრივ საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობა გააჩნია და საჭიროა რეალური და შედეგისმომცემი ნაბიჯების გადადგმა.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში უფრო დიდია განსხვავება სხვადასხვა ფენების მიერ მიღებულ შემოსავლებს შორის, ვიდრე- გადახდილ გადასახადებს შორის, საგადასახადო პოლიტიკის მიდგომა არასამართლიანად არის მიჩნეული, შემოსავლების უთანაბროდ განაწილების აღმოსაფხვრელად კი საჭირო ხდება პროგრესიული გადასახადების შემოღება. აღსანიშნავია, რომ პროგრესიული დაბეგვრა ხელს უწყობს გადასახადის სოციალური ფუნქციის შესრულებას და ქვეყანაში არსებული დოვლათის შედარებით თანაბრად გადანაწილებას.

მოცემულ დოკუმენტში ყურადღებას გავამახვილებთ საგადასახადო შემოსავლების ერთ-ერთ ძირითად წყაროზე- საშემოსავლო გადასახადზე და შემოთავაზებული გვექნება სწორედ საშემოსავლო გადასახადის პროგრესიული სახით დაბეგვრა, ასევე- დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამის კორექტირებული ვერსიით გაგრძელება, მეცნიერების დარგის სტიმულირება და საპენსიო ფონდის შემოღება, სადაც გადასახადების მეშვეობით ჩარიცხული თანხა საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ უკან დაუბრუნდებათ გადამხდელებს და გადაეცემათ პენსიასთან ერთად.

 

შესავალი

საზოგადოების ცხოვრების დონე ერთი კონკრეტული კრიტერიუმით ან მაჩვენებლით არ განისაზღვრება. შეიძლება ქვეყნის მთლიანი შემოსავალი მაღალი იყოს, თუმცა მისი ძირითადი ნაწილი მოსახლეობის მცირე რაოდენობაზე განაწილდეს. სწორედ ამასთან დაკავშირებით შეიმუშავა მნიშვნელოვანი კონცეფცია იტალიელმა სტატისტიკოსმა კორადო ჯინიმ 1912 წელს, რაც გვიჩვენებს, რამდენად არათანაბრადაა შემოსავლები განაწილებული. ჯინის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია შვედეთში- 0.25, რაც ყველაზე თანაბარი განაწილებაა მთელ მსოფლიოში, ყველაზე მაღალი კი სეიშელის კუნძულებზეა- 0.658,  ჩვენთან აღნიშნული ინდექსია 0.421 ანუ 42.1%[1].

როგორც ვნახეთ, ჯინის ინდექსი საქართველოსთვის არის 0.42, რაც საკმაოდ მაღალ უთანაბრობას ნიშნავს და საჭიროა გარკვეული ღონისძიებებით მდგომარეობის შემსუბუქება. გამომდინარე იქიდან, რომ საშემოსავლო გადასახადით მობილიზებულ თანხებს დიდი წილი უკავია საგადასახადო შემოსავლებში (2014 წელს 26.8%-ს შეადგენდა[2]), ჩვენი ყურადღებაც კონცენტრირებულია უშუალოდ საშემოსავლო გადასახადსა და მასთან დაკავშირებულ უთანაბრობასთან. სახელფასო ანაზღაურება აშკარად განსხვავებულია სხვადასხვა ფენას შორის და აქედან გადახდილი გადასახადების მოცულობასაც უნდა მიექცეს ყურადღება.

იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული განსხვავება მოსახლეობის ცხოვრების დონეს შორის შემცირდეს და უფრო სამართლიანად განაწილდეს შემოსავლები, შემოთავაზებული გვაქვს პროგრესიული საშემოსავლო გადასახადის დაწესების რეკომენდაცია. ასევე საჭიროდ მივიჩნევთ დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამის მცირე სახეცვლილებით გაგრძელებას, მეცნიერების სფეროს სტიმულირებასა და საპენსიო ფონდების არსებობას, სადაც თანხები შევა დასაქმებულის მიერ გადასახადის სახით და დაუბრუნდება საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ.

შესაბამისად, წარმოდგენილი პოლისი ფეიფერის სტრუქტურა შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: აღწერილი გვაქვს პრობლემა, განსაზღვრულია მისი აქტუალობა და მოცულობა, ვინაიდან პრობლემა მთელ ქვეყანაშია და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ზარალდება მისი მასშტაბების გამო. ამის შემდეგ ვისაუბრებთ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმულ სხვადასხვა გზებზე და მათ შედეგებზე: რა გაკეთდა და როგორ მოვიდა პრობლემა დღემდე, რა იყო თითოეული განხორციელებული პროგრამისა თუ ცვლილების დადებითი და უარყოფითი მხარე.

ნაშრომის შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ პრობლემის მოგვარების გარკვეულ ვარიანტებს, ვიხელმძღვანელებთ უცხოეთის გამოცდილებით, სადაც გადასახადები ხელს უწყობს დიფერენციაციის აღმოფხვრას, და, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის სპეციფიკასა და თავისებურებებს. ნაჩვენები გვექნება აღწერილი ვარიანტების შესაძლო შედეგები და შევარჩევთ მათგან ყველაზე ოპტიმალურს.

დასკვნით ნაწილში მოვახდენთ ყველა იმ სიახლისა თუ რეკომენდაციის თავმოყრას, რისი საჭიროებაც გამოიკვეთა არსებული პრობლემის ანალიზის დროს. კონკრეტულად ჩამოვაყალიბებთ პრობლემის გადაჭრის სასურველობასა და გზას, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი.

 

პრობლემის აღწერა

ეკონომიკის პოსტ-დოქტორანტ თამარ კბილაძის მიერ ჩატარებული კვლევის[3] შედეგად გამოვლინდა, რომ 2000 წლიდან, მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის წილად საზოგადოების მთლიანი შემოსავლების 35% მოდის, ხოლო ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონეებს გააჩნიათ მთლიანი შემოსავლების 1%. ანალოგიური განსხვავება დაფიქსირდა საშუალოთვიური ნომინალური ხელფასის მიხედვით შედარების დროსაც[4]. საგადასახადო დატვირთვის განსხვავების გაანგარიშებისთვის კი გამოყენებულია ამერიკელი მეცნიერის სტერჯერსის ფორმულა h=(XMAX-XMIN)/n (მივიღებთ მოსახლეობის 10 ჯგუფს) და შემდეგ გამოთვლილია დეცილებისთვის შესაბამისი საშემოსავლო საგადასახადო ტვირთი. როგორც საზოგადოების დეცილურ ჯგუფებად განაწილების შემდეგ აღმოჩნდა, ყველაზე მაღალი საგადასახადო ტვირთის მქონე პირთა 10% დაბალი ტვირთის მქონეთა 10%-ს ტვირთის სიდიდით აჭარბებს 13.6%-ით. ეს გულისხმობს მნიშვნელოვან განსხვავებას სხვადასხვა ფენების შემოსავლებს შორის და უფრო ნაკლებ განსხვავებას მათ მიერ გადახდილ საშემოსავლო გადასახადს შორის. ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს პრობლემას და გვიჩვენებს აქტიური ქმედებების განხორციელების საჭიროებას.

სწორად და ოპტიმალურად განსაზღვრული გადასახადები სახელმწიფოს მიერ კეთილდღეობის ამაღლებისკენ გადადგმულ ნაბიჯად ითვლება. ამიტომ, ვნახოთ, რა გაკეთდა ამ მხრივ საქართველოში ბოლო პერიოდში.

2005 წლამდე საშემოსავლო გადასახადი იყო დიფერენცირებული 12, 15, 17 და 20%, თუმცა, ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, განაკვეთი გახდა 12%. უნდა აღინიშნოს, რომ საშემოსავლო გადასახადის პროგრესიულიდან (12-20%) პროპორციულზე (12%) გადასვლა მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის სულაც არ იყო შეღავათი, ვინაიდან ისინი მანამდეც აღნიშნული პროცენტის შესაბამისად იხდიდნენ გადასახადს. სამაგიეროდ, იგივე სიმძიმით დაიბეგრებოდნენ შემდგომში უფრო მაღალი შემოსავლის მქონე პირები, რაც არასამართლიანობის შეგრძნებას უფრო ზრდიდა. რეალურად, საგადასახადო სიმძიმე შეუმცირდათ მაღალშემოსავლიან პირებს, დაბალშემოსავლიანების კი იგივე დარჩა.

2013 წლიდან ამოქმედდა დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, მაშინ მას შეუძლია ამ შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარი გამოქვითოს[5]. როგორც საგადასახადო პოლიტიკის გამტარებლები ახასიათებენ, მიუხედავად მოსახლეობისთვის ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქებისა, მას გარკვეული უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა. მაგალითად, პროგრამის ბენეფიციარები ისინიც აღმოჩნდნენ, ვინც არ იყო გათვალისწინებული და რეალურად არც სჭირდებოდათ ამ შეღავათებით სარგებლობა. მაგალითად ფიზიკური პირი, რომელმაც სამსახური დაიწყო წლის ბოლოს და ამ რამდენიმე ნამუშევარ თვეს მისი დარიცხული ხელფასი არ იყო 6000 ლარზე მეტი. ის იღებდა დაუბეგრავ მინიმუმს, როდესაც რეალურად მისი ყოველთვიური ანაზღაურება ამის საჭიროებას არც კი მოითხოვდა.

შესაბამისად, აღნიშნულმა პროგრამამ მხოლოდ 2 წელს გასტანა და უკვე გაუქმდა. თუმცა საშემოსავლო გადასახადი ისევ პროპორციულია (20%[6]) და ყოველი ლარი ერთნაირი განაკვეთით იბეგრება, ამიტომ, არსებობს მდგომარეობის შეცვლისა და საზოგადოების ფენებს შორის შემოსავლების გამოთანაბრების საჭიროება.

 

შესაძლო ვარიანტები

ყოველი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია გადასახადის ოპტიმალური განაკვეთების განსაზღვრა. ჩვენ შევეცდებით, ჩამოვაყალიბოთ სხვადასხვა შესაძლო ვარიანტი, რაც შეიძლება გაატაროს სახელმწიფომ და დავაფიქსირებთ იმ მოსალოდნელ შედეგებს, რისი მოტანაც შეუძლია შემოთავაზებულ სიახლეებს.

ერთ-ერთი პოლისი ვარიანტი შესაძლოა იყოს საშემოსავლო გადასახადის გაზრდა 25%-მდე, როგორც მოქმედებდა 2008-2011 წლებში[7]. შედეგად გაიზრდება საგადასახადო შემოსავლები (ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა ლაფერის მრუდის[8] აღმავალ ნაწილში მდებარეობს) და მიღებული სახსრებით მოხდება დაუბეგრავი მინიმუმის საშუალებით დაბალშემოსავლიანი პირებისთვის გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის უკან დაბრუნება. მათემატიკური გათვლებით, განაკვეთების ზრდის საშუალებას იძლევა არსებული მდგომარეობაც, რის შემდეგაც მობილიზებული საგადასახადო შემოსავლების დონე გაიზრდება[9].

ამ ვარიანტის შესაძლო შედეგად მიგვაჩნია გაზრდილი საგადასახადო შემოსავლები და დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამით მოსარგებლე პირთა მიერ მიღებული სარგებელი, თუმცა შემოსავლების უთანაბრობის აშკარა შემცირება არ მოხდება, რადგან გაზრდილი გადასახადის გადახდა ყველა დასაქმებულს მოუწევს ანაზღაურების მოცულობის მიუხედავად.

ამ შემთხვევაში რეალურად გადასახადი მაინც ეზრდება დაბალშემოსავლიან მოსახლეობას და არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა ნაკლებად ხდება. ამისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ვარიანტების ოპტიმალური სახით გამოყენება პრაქტიკაში.

დაბეგვრის ეკონომიკური პრინციპებიდან ერთ-ერთია სამართლიანობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც სამართლიანად ითვლება პროგრესიული გადასახადები[10]. დაბეგვრის აღნიშნული მეთოდი მისასალმებელია ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც მაღალია სოციალური დემოკრატიის ხარისხი და ყურადღებას ამახვილებენ სოციალურ თანასწორობაზე.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული და უპირატესი ვარიანტიც გულისხმობს პროგრესიული გადასახადების შემოღებას. უმჯობესად მივიჩნევთ რთულ პროგრესიულ დაბეგვრას[11] (20%, 25% და 30%). გარდა ამისა, ვთვლით, რომ უნდა გაგრძელდეს ერთ-ერთი გავრცელებული საგადასახადო შეღავათი- დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამა, მაგრამ პატარა ცვლილებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ისარგებლოს პირმა ამ პროგრამით, თუ ანაზღაურებას იღებდა სრული წლის განმავლობაში, უფრო ნაკლები ვადით მუშაობის შემთხვევაში მასზე ეს პროგრამა არ გავრცელდება[12]. გარდა ამისა, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს აქტუალური დარგებიც, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტი იქმნება და საჭიროა მათი სტიმულირება. ამ მხრივ, გამოვყოფთ სამეცნიერო დარგებსა და განათლებას. ამ დარგში დასაქმებულთა ანაზღაურება დაიბეგრება ყველაზე დაბალი არსებული პროცენტით (20%), მიუხედავად ხელფასის სიდიდისა.

აღნიშნული სიახლეების შესაძლო შედეგებია: ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგის (მეცნიერება) სტიმულირება, რადგან მაღალი გადასახადით არ დაიბეგრებიან აქ მომუშავეები; დაბალშემოსავლიან მოსახლეობას უკან დაუბრუნდება საშემოსავლოს სახით გადახდილი თანხის ნაწილი, რაც მათ მდგომარეობას მცირედით შეამსუბუქებს;პროგრესიული დაბეგვრა კი ხელს შეუწყობს გადასახადის სოციალური ფუნქციის შესრულებას და ქვეყანაში არსებული დოვლათის შედარებით თანაბრად გადანაწილებას. დამატებით მიღებული თანხები კი სოციალურ ხარჯებზე გადანაწილდება. შვედეთია ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მაღალი და პროგრესიული გადასახადებით გამოირჩევა OECD წევრ ქვეყნებს შორის[13] და სადაც ყველაზე თანაბრად არის შემოსავლები განაწილებული;

 

შეჯამება და რეკომენდაციები

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობის გაცნობისას ვნახეთ, რომ ქვეყნის საგადასახადო შემოსავლების დიდი ნაწილი საშემოსავლო გადასახადებს უკავია. ამ ტიპის გადასახადებს იხდიან დასაქმებულები, თუმცა მათ ანაზღაურებას შორის დიდია განსხვავება და საგადასახადო დაბეგვრა ანაზღაურების პროპორციულად არ იცვლება.

 აღსანიშნავია, რომ ყოველი შემდეგი მიღებული ლარის იგივე პროცენტული განაკვეთით დაბეგვრა არ არის მიზანშეწონილი, რადგან არსებობს კლებადი ზღვრული სარგებლიანობა, რის მიხედვითაც, ყოველი შემდეგი ერთეული უფრო ნაკლები სარგებლის მომტანია. შესაბამისად, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის არსებული თანხა უფრო ღირებულია, ვიდრე- მათთვის, ვისაც მაღალი ანაზღაურება გააჩნიათ. ამასთან ერთად, სამართლიანად მიჩნეულია ისეთი გადასახადები, რომლებიც ემყარება გადამხდელის მიერ სახელმწიფოს მხრიდან მიღებული სარგებლის ოდენობას (ის გადაიხდის მეტს, ვინც მეტ სარგებელს მიიღებს). ასევე, გადასახადები უნდა ემყარებოდეს გადამხდელის უნარს, გაუძლოს გადასახადების სიმძიმეს (ვისაც მეტი შესაძლებლობა აქვს, ის გადაიხდის მეტს).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ რიგში საჭიროდ მივიჩნიეთ რთული პროგრესიული საშემოსავლო გადასახადების შეთავაზება, რაც დაეფუძნება დასაქმებულის დარიცხულ ხელფასს და ამის მიხედვით განისაზღვრება განაკვეთიც (1500 ლარამდე 20%, 1500-5000 ლარამდე 25% და 5000 ლარის შემდეგ 30%). გარდა ამისა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დაზოგვის კულტურის განვითარება, რა კუთხითაც გარკვეულ როლს შეასრულებს საპენსიო/სოციალური ფონდები. არსებულ საპროცენტო განაკვეთზე 1%-ით მეტის გადახდის შემთხვევაში გადამხდელი საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ მიიღებს პენსიაზე დამატებით 2%-ს (დაანგარიშებული იქნება საპენსიო ასაკსა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას შორის არსებული პერიოდი და მთლიანად გადახდილი თანხა, რაც გაორმაგდება და ამის მიხედვით იქნება გამოთვლილი ყოველთვიურად მისაღები თანხა).

ზოგჯერ არის საუბარი იმის შესახებ, რომ პროგრესიული გადასახადებით ეკონომიკური სტიმულების შემცირება ხდება, თუმცა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, სადაც დასაბუთებული და არგუმენტირებული საგადასახადო შეღავათები[14] იქნება გამოყენებული, შემცირებული ეფექტიანობის განეიტრალებას მოვახდენთ. ამ მხრივ, საჭიროდ მივიჩნიეთ დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამის მცირე ცვლილებით გაგრძელება- ვინც მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა, მხოლოდ ის მიიღებს ამ პროგრამით სარგებლობის უფლებას, თუ მისი ანაზღაურება დააკმაყოფილებს არსებულ პირობებს. ამის საჭიროება გამოწვეულია პროგრამის განხორციელების პერიოდში აღმოჩენილი ხარვეზებით.

ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია განათლება და საჭიროა სამეცნიერო წრეების ხელშეწყობა, ამიტომ, პროგრესიული გადასახადები არ შეეხება ამ დარგში დასაქმებულ პირებს და დაიბეგრებიან ყველაზე დაბალი 20%-ით.

დაბოლოს, უნდა ვთქვათ, რომ არსებული ცვლილებები ხელს შეუწყობს სახელმწიფოს ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებას უპირატესად საზოგადოების იმ ფენისგან, ვინც მეტ სარგებელს იღებს და მეტი შესაძლებლობა აქვს გადაიხადოს, თუმცა, ეს არ იქნება იმ დოზით, რომ მათ დაუკარგოს მუშაობის სტიმული. მეტი შეღავათები გაკეთდება დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის და მობილიზებული თანხები მიმართული იქნება მოსახლეობის შემოსავლებს შორის არსებული უთანაბრობის აღმოსაფხვრელად.

 

გამოყელებული ლიტერატურა

[1]წყარო: http://hdr.undp.org/ Human Development Reports, 2014

[2]წყარო: http://mof.gov.ge/ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდი

[3]თ. კბილაძე- საგადასახადო ტვირთის ოპტიმალური დონის განსაზღვრის პრობლემები საქართველოში, თბილისი 2014, გვ 111-115

[4] წყარო: http://geostat.ge საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდი

[5]საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კარი 5, თავი 11, მუხლი 81, თბილისი 2011, განახლების თარიღი 09.07.2014

[6]აღნიშნული განაკვეთი მოქმედებს 2011 წლის 1 იანვრიდან, როდესაც ახალი საგადასახადო კოდექსი შევიდა ძალაში

[7]აღსანიშნავია, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ზრდას საგადასახადო შემოსავლების კლება არ გამოუწვევია ამ პერიოდში. თუ არ ჩავთვლით 2009 წელს, როცა ფინანსური კრიზისისა და 2008 წლის ომის შედეგები ჩვენს ეკონომიკაზეც აისახა, სხვა წლებში საგადასახადო შემოსავლები საგრძნობლად იზრდებოდა.  წყარო: http://mof.gov.ge/ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდი

[8]ეკონომისტები იყენებენ ლაფერის მრუდს (Laffer Curve) იმის დასადგენად, თუ სად არის ქვეყნის ეკონომიკა, რომელია ყველაზე ოპტიმალური წერტილი და გადასახადების ცვლილებით საგადასახადო შემოსავლების ზრდას ექნება ადგილი თუ შემცირებას

[9]ა. გაბელაია -საგადასახადო დატვირთვის ოპტიმალური დონის განსაზღვრის პრობლემა ლაფერის „არაკლასიკური“ თეორიის ბაზაზე, „ეკონომიკა და ბიზნესი“, 2012 #5, გვ 77-86

  1. პროგრესიული გადასახადი გულისხმობს, რომ რაც უფრო იზრდება დაბეგვრის ობიექტი, მით უფრო იზრდება საგადასახადო განაკვეთიც

[11] გულისხმობს იმას, რომ განაკვეთები გაიზრდება მხოლოდ იმ თანხაზე, რაც გადააჭარბებს დაბალი პროცენტით დასაბეგრ შემოსავალს. დაყოფა ასეთია: 1500 ლარამდე 20%, 1500-5000 ლარამდე 25%, 5000 ლარზე მეტის შემთხვევაში- 30%. მაგ: 2000 ლარი დაიბეგრება 1500 ლარის 20%-ით და დანარჩენი 500 ლარის 25%-ით, 6000 ლარი დაიბეგრება 1500 ლარის 20%-ით, 3500 ლარის (5000-1500) 25%-ით და 1000 ლარის (6000-5000) 30%-ით და ა.შ

[12] ამით თავიდან ავიცილებთ იმ არასასურველ შედეგებს, რაც მივიღეთ პროგრამის 2-წლიანი განხორციელების პერიოდში და რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი

[13] წყარო: OECD  revenue statistics 1965-2013,  http://oecd.org/ და http://www.keepeek.com/

 

[14]საგადასახადო შეღავათი არის გადასახადისგან ნაწილობრივი ან მთლიანად გათავისუფლება, იგი სტიმულს აძლევს მოსახლეობის დასაქმების ზრდას, კონკრეტული რეგიონებისა და დარგების განვითარებას. სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს შემდეგი შეღავათები: დაბეგვრის ობიექტის დაუბეგრავი მინიმუმი, განაკვეთების შემცირება, საგადასახადო ამნისტია ან გადამხდელთა გარკვეული კატეგორიის გათავისუფლება გადახდისგან