დაიწყო აპლიკაციების მიღება პროგრესული იდეების სკოლა 2019-ის სემინარზე, რომლის მთავარი თემაა სოციალ-დემოკრატიის საფუძვლები და ეკონომიკური პოლიტიკა. 

სემინარი ჩატარდება 24-26 მაისს საირმეში ჯამში 60 ახალგაზრდის მონაწილეობით, რომლებიც გადანაწილდებიან სამ სამუშაო ჯგუფში და პარალელურ რეჟიმში ჩაუტარდებათ სემინარები.  სამწუხაროდ, მათ ვისაც უკვე გავლილი აქვთ სკოლის სემინარები წინა წლებში წლევანდელ  სემინარში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

 

სემინარის პროგრამა შედგება ოთხი ძირითადი და მეხუთე არჩევითი მოდულისგან: 

  • პოლიტიკური იდეოლოგიების გაცნობა / შედარება;
  • სოციალ-დემოკრატიის ისტორია (მსოფლიო და საქართველო);
  • სოციალ-დემოკრატიის ძირითადი ღირებულებები;
  • სოციალ-დემოკრატიის ეკონომიკური პოლიტიკა;
  • არჩევითი თემებია: შრომითი ურთიერთობები / ფემინიზმის ისტორია და გამოწვევები / საქართველოს მემარცხენე მოძრაობები და მათი პერსპექტივები.

სემინარის ხანგრძლივობაა სამი დღე (პარასკევი - კვირა). სემინარს გაუძღვებიან პროგრესული იდეების სკოლის ტრენერები.

სკოლის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

სემინარს არ ექნება  ლექციის ტიპის ფორმატი. სამუშაო პროცესი  იქნება  მსუბუქი, საინტერესო და დისკუსიებით, სხვადასხვა ინტერაქციული მეთოდებითა და სიმულაციური თამაშებით დატვირთული. ამასთანავე ყურადღება გამახვილდება სემინარის შემდეგ გართობისა და მონაწილეების მაქსიმალური სოციალიზაციის კომპონენტზე. ყველაფერი ეს უზრუნველყოფს სასემინარო პროცესში მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას და სამუშაო პროცესით მათი დაინტერესების მაღალ დონეს. 

სკოლაში მონაწილეობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა  უნდა შეავსონ პროექტში მონაწილეობის სარეგისტრაციო ფორმა. ადმინისტრაცია განიხილავს შემოსულ აპლიკაციებს და შეარჩევს მონაწილეებს. შერჩეულმა კანდიდატებმა, მას შემდეგ რაც მათ სკოლის ადმინისტრაციისგან მეილზე გაეგზავნებათ ინფორმაცია, რომ შერჩეულები არიან სემინარის მონაწილეებად უნდა გადაიხადონ პროექტში მონაწილეობის საფასური. პროექტში მონაწილეობის საფასური შეადგენს 15 ლარს და მასში შედის ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები. 

აპლიკაციების გამოგზავნის ბოლო ვადაა  13 აპრილი. 

დაგვიანებით შემოსული აპლიკაციები არ განიხილება!                                                                                                                          

პროექტის ხორციელდება საქართველოს პროგრესული ფორუმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის თანამშრომლობის საფუძველზე.