არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

„საქართველოს პროგრესული ფორუმი“

წესდება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. საქართველოს პროგრესული ფორუმი (შემდგომში „ფორუმი“) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო/არაკომერციულ იურიდიულ პირს.
  2. ფორუმის საქმიანობა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და მოცემული წესდების შესაბამისად.
  3. ფორუმი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც მოხმარდება ფორუმის მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ფორუმის დამფუძნებლებს, შემომწირველებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
  4. ფორუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ.თბილისი, ნინო რამიშვილის 31, ბინა 12. ელექტრონული ფოსტა: info@progressive.ge

მუხლი 2. ფორუმის მიზნები

  1. ფორუმის მიზნები და ამოცანები ეფუძნება ადამიანის თავისუფლების, სოლიდარობისა და თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპებს. 
    1. 1 მიგვაჩნია, რომ  სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეების მიერ შემდგარ სახელმწიფოში, სადაც თითოეული მოქალაქე თავად განაგებს საკუთარ ბედსა და მომავალს, განსაზღვრავს საკუთრი ცხოვრების წესს, გააჩნია თავისუფალი არჩევანის უფლება და შესაძლებლობა;
    2. 2 ფორუმი საკუთარი საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპად აღიარებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპებს, ასევე თითოეული ადამიანის სოციალური და ეკონომიკური უფლებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც პიროვნებისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას; 
    3. 3 მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს საზოგადოების თითოეული წევრისათვის თანაბარ შესაძლებლობებს, განურჩევლად მისი რასისა, გენდერისა, რელიგიური აღმსარებლობისა, ეთნიკური წარმომავლობისა და სექსუალური ორიენტაციისა.
    4. 4  სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული სამოქალაქო კულტურა, რომელიც მოქმედებს პიროვნებებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის პრინციპების დაცვით, წარმოადგენს ფორუმის ფუნდამენტურ ღირებულებას და განსაზღვრავს ფორუმის საქმიანობის საფუძვლებს.
  2. ფორუმის მიზნებს წარმოადგენს:
    1. 1 ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის გაძლიერება, რომლის დროსაც საზოგადოება აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფოს ცხოვრებაში, უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობა, როგორც ადგილობრივ და სამხარეო, ისე ცენტრალურ დონეზე, სადაც გარანტირებული იქნება მოქალაქის განსაკუთრებული ფუნქცია, იყოს ძალაუფლების უმთავრესი წყარო;
    2. 2 ქვეყანაში ისეთი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება, რომლის დროსაც თითოეული მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ღირსეული სამუშაო პირობებით და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებით.
    3. 3  ქვეყანაში მდგრადი განვითარების უნზრუნველყოფა, რომლის დროსაც ეკონომიკური განვითარება ორიენტირებული იქნება, როგორც საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის მიღწევაზე.  ასევე გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე.
    4. 4  ქვეყნის ისეთი საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრა, რომელიც მიმართული იქნება, როგორც ეროვნული ინტერესების რეალიზაციისაკენ, ასევე რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებასა და ერებს შორის მშვიდობიანი და ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ.
    5. 5  სახელმწიფოებს შორის იმდაგვარი თანამშრომლობა, რომელიც მოემსახურება საერთო ინტერესებს და ჰარმონიულად შეერწყმება მსოფლიოში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებას.
    6. 6 ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის მოდელის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საყოველთაო სიკეთესა და ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის დაძლევას, სოციალურ სამართლიანობასა და რესურსების სამართლიან გადანაწილებას.
  3. ფორუმის ფუნდამენტური პრინციპებისა და მიზნების შესაბამისად აყალიბებს თავის ამოცანებს. კერძოდ:
    1. 1 ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დარეგულირების კუთხით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება, მათი განხორციელების ადვოკატირება;
    2. 2  სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და გაძლიერება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეებზე, შესაბამისი საგანმანათლებლო და სხვა სახის პროგრამების განხორციელების მეშვეობით;
    3. 3  ქვეყნის სამოქალაქო და პოლიტიკურ დისკურსებში პროგრესული იდეების ჩართვა და მათი პოპულარიზაცია. ამ მიზნით სამოქალაქო განათლების პროგრამების და სამოქალაქო კამპანიების განხორციელება;
    4. 4 ახალგაზრდებში სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის მხარდაჭერა და მათთან ინტენსიური თანამშრომლობა;
    5. 5 საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პროგრესულ, იდეურად მონათესავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
    6. 6 ქვეყნაში პარტიული პოლიტიკურ-იდეოლოგიური და სტრუქტურული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, მოქმედ პროგრესულ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა;
    7. 7 საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების კვლევა,  პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი დარეგულირების მექანიზმების შემუშავება. ამ მექანიზმებისა და რეკომენდაციების ლობირება და ადვოკატირება.
    8. 8 ასევე სხვა ამოცანების რეალიზება, რაც გამომდინარეობს ორგანიზაციის მიზნებიდან და მისი პრინციპებიდან.

მუხლი 3. ფორუმის წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესი

  1. ფორუმის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი,  რომელიც აღიარებს წესდებას და იზიარებს მის შეხედულებებს;
  2. დაუშვებელია ფორუმის წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებებისა, სექსუალური ორიენტაციის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
  3. ფორუმის წევრად მიღება წარმოებს პირადი განცხადებისა და ფორუმის 2(ორი) წევრის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე.
  4. ფორუმის წევრად მიღებას ახორციელებს ფორუმის გამგეობა წევრობის მსურველის მიერ წარმოდგენილი პირადი განცხადებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, ფორუმის ოფისში.
  5. ფორუმის წევრობა არ გადაეცემა სხვა პირებს და არც მემკვიდრეობით გადადის.
  6. ყოველ 2(ორი) წელიწადში ერთხელ ხორციელდება წევრთა ხელახალი რეგისტრაცია.
  7. ფორუმის წევრობიდან გასვლა თავისუფალია, გასვლა ხდება პირადი განცხადებისა ან/და ხელახალი რეგისტრაციის არგავლის შემთხვევაში.
  8. წესდების სისტემატური ან უხეში დარღვევისათვის ფორუმის გამგეობა უფლებამოსილია საერთო კრების წინაშე დააყენოს წევრის გარიცხვის საკითხია.
  9. მოთხოვნა ფორუმის წევრობის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე გამგეობამ უნდა დაასაბუთონ წერილობით და წარუდგინონ საერთო კრებას.
  10. წევრის ფორუმიდან გარიცხვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საერთო კრება.
  11. წევრის ფორუმიდან გარიცხვა ხდება საერთო კრების დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით.
  12. ფორუმი პასუხს არ აგებს წევრთა ვალდებულებებზე.
  13. ფორუმის წევრს უფლება აქვს:
    1. 1  მონაწილეობა მიიღოს ფორუმის შექმნასა და საქმიანობაში.
    2. 2  მიიღოს ინფორმაცია ფორუმის საქმიანობის შესახებ.
    3. 3  აირჩიოს და არჩეულ იქნეს ფორუმის ნებისმიერ ორგანოში.
    4. 4  თავისუფლად გავიდეს ფორუმიდან.
    5. 5  გარიცხვის შემთხვევაში გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.
  14. ფორუმის წევრი ვალდებულია:
    1. 1  აქტიური მონაწილეობა მიიღოს ფორუმის საქმიანობაში.
    2. 2  დაიცვას წესდების მოთხოვნები.
    3. 3  შეასრულოს ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები.
  15. წევრს არა აქვს უფლება იმოქმედოს ფორუმის სახელით ხელმძღვანელი ორგანოების თანხმობის გარეშე.

 

მუხლი 4. ფორუმის წევრთა საერთო კრება

  1. ფორუმის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა – წევრთა საერთო კრება.
  2. საერთო კრების სხდომები იმართება ექვს (6) თვეში ერთხელ მაინც.
  3. საერთო კრების რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას თავმჯდომარის, აღმასრულებელი დირექტორის ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით, მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში
  4. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
  5. საერთო კრების გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა.
  6. თანაბარი ხმების შემთხვევაში, თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.
  7. გადაწყვეტილება წესდების დამტკიცების, წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ასევე ფორუმის მიზნის შეცვლის შესახებ მიიღება წევრთა ნახევარის მიერ.
  8. საერთო კრების კომპეტენციაში შედის:
    1. 1    ფორუმის წესდების მიღება, მასში ცვლილებების და დამატების შეტანა;
    2. 2 ფორუმის სტრატეგიის, სამოქმედო პროგრამის და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
    3. 3    ფორუმის გამგეობის და თავმჯდომარის არჩევა;
    4. 4    გადაწყვეტილების მიღება ფორუმის ქონების განკარგვის თაობაზე;
    5. 5    ფორუმის განვითარების სტრატეგიული გეგმის დამტკიცება;
    6. 6  წესდებით გათვალისწინებული და ფორუმის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა და გადაწყვეტა.

მუხლი 5. ფორუმის გამგეობა

  1. გამგეობა წარმოადგენს ფორუმის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც აირჩევა საერთო კრების მიერ 9 წევრის შემადგენლობით, 2(ორი) წლის ვადით.
  2. გამგეობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა შეუძლია მხოლოდ საერთო კრებას.
  3. გამგეობის წევრის უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეწყდეს მისი ფორუმიდან გასვლის, გარიცხვის ან გარდაცვალების შემთხვევაში.
  4. გამგეობა წარმართავს ფორუმის საქმიანობას და ახორციელებს საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
  5. გამგეობის სხდომები იმართება 2(ორი) კვირაში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს საჭიროების შემთხვევაში, გამგეობის წევრთა 1/3 (ერთი მესამედის, თავმჯდომარის ან/და აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
  6. გამგეობა უფლებამოსილია თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა 2/3 (ორი მესამედი).
  7. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს გამგეობის წევრების ხმათა უმრავლესობით.
  8. გამგეობის სხდომებს უძღვება ფორუმის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში აღმასრულებელი დირექტორი;
  9. გამგეობის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა:
    1. 1  მიიღოს მიმართვები, გადაწყვეტილებები ფორუმის მიმდინარე საქმიანობის შესახებ და იმოქმედოს მისი სახელით.
    2. 2   დაამტკიცოს აღმასრულებელი დირექტორი;
    3. 3   გამგეობის ყველა წევრის ხმათა უმრავლესობით შექმნას სამუშაო ჯგუფები, დაამტკიცოს მათი ხელმძღვანელები და განსაზღვროს სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
    4. 4   ფორუმის საშტატო განრიგსა და ხელფასის ოდენობის განსაზღვრა;
    5. 5 ფორუმის ფილიალების/წარმომადგენლობების შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მათი დებულებებისა და ხელმძღვანელების დამტკიცება;
    6. 6  განსაზღვროს წევრთა ფუნქციები.
  10. ფორუმის გამგეობის წევრები არიან:

დიმიტრი ცქიტიშვილი

 

სალომე შარაშენიძე

 

ირაკლი ირემაძე

 

ელგუჯა კაკაბაძე

სალომე ქაჯაია 

 

ანა დიაკონიძე

ვახტანგი სიფრაშვილი

 

ვახტანგი ნაცვლიშვილი

ანა ფირცხალავა

 

მუხლი 6. ფორუმის თავმჯდომარე

  1. ფორუმის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე;

 

დიმიტრი ცქიტიშვილი

 

  1. თავმჯდომარე წარმოადგენს ფორუმს, სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
  2. თავმჯდომარეს გამგეობის შემადგენლობიდან 2 წლის ვადით ირჩევს საერთო კრება.
  3. თავმჯდომარე:
    1. 1  წარმართავს ფორუმის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
    2. 2  წარმოადგენს ფორუმს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
    3. 3  ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებს.
    4. 4  წარმოადგენს ფორუმს საბანკო საქმიანობაში;
    5. 5  ხელს აწერს საფინანსო და საბუღალტრო დოკუმენტებს;
    6. 6  ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;
    7. 7  გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ფორუმის ორგანიზაციულ სტრუქტურას
    8. 8  ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
  4. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის  მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ფორუმის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია მხოლოდ საერთო კრებას.
  5. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის ვადაში ირჩევს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს და ნიშნავს რიგგარეშე საერთო კრებას ახალი თავმჯდომარის არჩევის მიზნით.
  6. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გამგეობის ერთ ერთი წევრი, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე;

მუხლი 7აღმასრულებელი დირექტორი

  1. ფორუმის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი;
  2. ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მტკიცდება გამგეობის მიერ თავმჯდომარის წარდგინებით;
  3. აღმასრულებელი დირექტორი გამგეობას წარუდგენს ფინანსურ ანგარიშებს;
  4. აღმასრულებელი დირექტორი გამგეობას წარუდგენს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს;
  5. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ფორუმის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია მხოლოდ გამგეობას. ასეთ შემთხვევაში გამგეობის ერთ-ერთი წევრი ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციას, სანამ გამგეობის მიერ არ იქნება შერჩეული აღმასრულებელი დირექტორის ახალი კანდიდატურა.

მუხლი 7. ფორუმის საბჭო

  1. ფორუმის საკონსულტაციო ორგანოა საბჭო;
  2. საბჭოს შემადგენლობა მტკიცდება გამგეობის მიერ;
  3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან პირები, რომლებსაც გააჩნიათ სურვილი და ინტერესები ითანამშრომლონ ფორუმთან და იმავდროულად მათი ძირითადი საქმიანობა არ ეწინააღმდეგება ფორუმის პრინციპებსა და მიზნებს;
  4. საბჭოს წევრობა ნებაყოფლობითია;
  5. საბჭო იკრიბება ორ თვეში ერთხელ მაინც. დამატებითი შეკრება შესაძლოა განხორციელდეს გამგეობის მოწვევით;
  6. საბჭოს სხდომებს უძღვება თავმჯდომარე, აღმასრულებელი მდივანი, ან გამგეობის ერთერთი წევრი;
  7. საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, როგორც ფორუმის მუშაობის, ასევე ფორუმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებთან დაკავშირებით.
  8. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები არ არის სავალდებულო ფორუმისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის.

მუხლი 8. ფორუმის ქონება და ფინანსური საშუალებები

  1. ფორუმის ფულადი და მატერიალური საშუალებანი იქმნება:
    1. 1  ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შემოწირულობებით;
    2. 2  გრანტებით;
    3. 3 კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით;
    4. 4  სხვა კანონიერი შემოსავლებით;
  2. ფორუმის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.
  3. ფორუმის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ფორუმის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. 

მუხლი 9ფორუმის საქმიანობის შეწყვეტა

  1. ფორუმის საქმიანობის შეწყვეტა ხდება ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში;
  2. ფორუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს საერთო კრების ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  3. საქმიანობის შეწყვეტის შედეგად დარჩენილი ქონება ნაწილდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10დასკვნითი დებულებები

  1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის, ფორუმის წევრთა საერთო კრების მიერ არჩეული გამგეობის ყველა წევრის,  ხელმოწერის მომენტიდან.
  2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
  3. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.