24-27 თებერვალს წყალტუბოში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი ახალგაზრდებთან ინოვაციური მეთოდებით მუშაობის, სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტის მენეჯმენტის თემატიკაზე.

ტრენერთა ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს პროგრესული ფორუმის ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა. გამომდინარე აქედან, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროგრესული ფორუმის წევრებმა, კერძოდ პროგრესული იდეების სკოლის ტრენერებმა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა, ამასთანავე პროექტის ალუმნებმა, ახალგაზრდებმა, რომლებსაც ახლო კავშირი აქვთ ორგანიზაციასთან და სამომავლოდ ამ კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება სურთ.  ტრენერთა ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ სომხეთში პროგრესული იდეების სკოლის მონათესავე პროექტის სოციალ დემოკრატიის აკადემიის ტრენერები. 

ტრენერთა ტრენინგის პირველი სამი დღე დაეთმო ახალგაზრდებთან ინოვაციური მეთოდებით მუშაობისა და სტრატეგიული დაგეგმვის თემატიკას. სამუშაო პროცესს უძღვებოდნენ  გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები. ტრენინგის მსვლელობისას მათ მონაწილეებს გააცნეს ახალგაზრდებთან მუშაობის ინოვაციური და ინტერაქციული მეთოდები. ამასთანავე, საქართველოს პროგრესული ფორუმის ორგანიზაციული განვითარების კონტექსტში მოხდა იდეების გენერირება ორგანიზაციის სამომავლო საქმიანობის ჩარჩოს განსაზღვრის მიზნით.

ტრენინგის მეოთხე დღე დაეთმო პროექტის მენეჯმენტის თემას. ტრენინგზე განხილული იქნა პროექტის მენეჯმენტის ძირითადი მიმართულებები, იდეის დაბადებიდან  პროექტის პრაქტიკურ განხორციელებამდე. 

ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა საქართველოს პროგრესული ფორუმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის თანამშრომლობის საფუძველზე.