დაიწყო განაცხადების მიღება საქართველოს პროგრესული ფორუმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ახალ, ერთობლივ პროექტზე "იდეების კონკურსი". პროექტის ფარგლებში სკოლის 2014-19 წლების მონაწილეებს, თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად, ექნებათ შესაძლებლობა დაწერონ პროექტი და გამარჯვების შემთხვევაში მიიღონ ფინანსური მხარდაჭრა.

„იდეების კონკურსი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს  სკოლის  მონაწილეების გააქტიურება და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართვა, შედგება სამი ეტაპისგან:

 

ეტაპი 1

უნდა დაკომპლექტდეს მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 წევრიანი ჯგუფები, რომლის მინიმუმ 2 წევრი იქნება პროგრესული იდეების სკოლის მონაწილე. ჯგუფებმა უნდა შექმნან და პროგრესულ ფორუმში წარმოადგინონ  პროექტი.

პროექტი შეიძლება ეხებოდეს  შემდეგ თემატიკას:

  • შრომითი ურთიერთობები;
  • გენდერული თანასწორობა;
  • ახალგაზრდული აქტივიზმი;
  • განათლების პოლიტიკა.

პროექტი ფორუმში წარმოდგენილი უნდა იყოს  ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ფორმით. იხილეთ საპროექტო განაცხადი.

საპროექტო განაცხადები უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: 

ideasforaction19@gmail.com                      

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 7 ივლისი.

დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

 

ეტაპი 2

კონკურსზე დარეგისტრირებულ განაცხადებს შეაფასებს პროგრესული ფორუმის გუნდი. შერჩეული განაცხადების ავტორებს/გუნდის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგი პროექტის წერისა და მენეჯმენტის თემაზე.

ტრენინგი იქნება გასვლითი და გაგრძელდება 3 დღე. ტრენინგი დაგეგმილია ივლისის ბოლოს (პარასკევი-კვირა).

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას პროექტის წერისა და მენეჯმენტის შესახებ, ასევე პარალელურ რეჟიმში, ექნებათ შესაძლებლობა ადგილზე იმუშაონ საკუთარ საპროექტო განაცხადებზე, დახვეწონ და გააუმჯობესონ ის.

 

ეტაპი 3

ტრენინგის დასრულების შემდეგ  მონაწილეებს მიეცემათ დრო, იმისთვის რომ გააგრძელონ მუშაობა საკუთარ პროექტებზე და საბოლოო სახე მისცენ მას. დადგენილ ვადაში დასრულებული პროექტები კვლავ უნდა გადმოიგზავნოს პროგრესულ ფორუმში.

დასრულებული პროექტები, პროგრესული ფორუმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ერთობლივად შეფასდება 5 ქულიანი სისტემით:

ქულა

შეფასება

5

საუკეთესო

4

ძალიან კარგი

3

კარგი

2

დამაკმაყოფილებელი

1

სუსტი

 

3 და უფრო მაღალი ქულის მქონე პროექტებიდან შეირჩევა ერთი ან რამდენიმე გამარჯვებული. გამარჯვებული პროექტის/პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას განახორციელებს  ფრიდრიხ ებერტის ფონდი და საქართველოს პროგრესული ფორუმი.

ამასთანავე, გამარჯვებული პროექტის გუნდის წევრებს პროექტის განხორცილებისას კონსულტაციას გაუწევენ ფორუმის გუნდის წევრები.

 

"იდეების კონკურსის" ვადები

ეტაპი 1 - საპროექტო განაცხადების მიღება, შეფასება და ტრენინგის მონაწილე ჯგუფების შერჩევა - ივნისი - ივლისი;

ეტაპი 2 - ტრენინგი პროექტის წერისა და მენეჯმენტის თემაზე - ივლისის მე-2 ნახევარი;

ეტაპი 3 - დასრულებული პროექტების მიღება, შეფასება და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენა -  აგვისტო-სექტემბერი.