საქართველოს პროგრესული ფორუმი, გამოვხატავთ ჩვენს უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას პარლამენტში ინიცირებული „უცხო ქვეყნის აგენტის“ კანოპროექტის მიმართ.

 

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენული კანონპროექტი ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს და მისი არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს  საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციასა და საქართველოს  ევროპული ინტეგრაციის პროცესს. 

  

წარმოდგენილი კანონპროექტის შინაარსი სრულიად შეუსაბამოა ინიციატორების მიერ გაცხადებულ ფორმალურ  მიზანთან, თითქოს კანონმა უნდა  უზრუნველყოს  სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდელებულება. სინამდვილეში კანონპროექტი წარმოადგენს სამოქალაქო სექტორზე ზემოქმედებისა და კონტროლის რეპრესიულ მექანიზმს და ახდენს სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედია საშუალებების დემონიზებას, მათი უცხო ქვეყნის აგენტებად გამოცხადებით.

 

კანონპროექტის ინიციატორების მიერ არაერთგზის გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ამ კანონპროექტის რეალური მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ხოლო კანონპროექტით გათვალისწინებული მძიმე სანქციების მეშვეობით შეზღუდონ ან სრულად შეაჩერონ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების საქმიანობა, ისე როგორც ეს განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში 2012 წლიდან.

 

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და უზრუნველყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 საკითხის შესრულება.