სამოქალაქო საზოგადოება

 

თანამედროვე სახელმწიფოში დემოკრატიული მართვის სისტემა პირდაპირ ასოცირდება სამოქალაქო საზოგადოებასთან. თავისი არსით, სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფო ინსიტუტების გარკვეულ დანამატს უნდა წარმოადგენდეს, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან შეუწყობს ხელს საზოგადოების განვითარებასა და მართვის უკეთესი საშუალებების შექმნას.

 

შესაბამისად, საქართველოს პროგრესული ფორუმი აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების მზარდ გავლენას ქვეყენაში დემოკრატიის განვითარების პროცესზე, რადგანაც ისინი ხელს უწყობენ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე საზოგადოების ცნოებიერების ამაღლებასა და უნივერსალური ღირებულებების დამკვიდრებას. გარდა ამისა, არიან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების გამომხატველნი და ხელს იწყობენ ამ ჯგუფების მონაწილეობას ქვეყნის სოლიალურ-პოლიტიკური პროცესებში და ქვეყანაში მდგრადი განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნის სტიმულირებას.

 

დღეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დიდი ნაწილი სწორედ სამოქალაქო საზოგადოების სისუსტის შედეგია. ამიტომაც, ჩვენ მივიჩნევთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ქვეყნის ერთერთ ძირითად პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ამისთვის კი მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების გათვალისწინება:

 

  • სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს  სამოქალაქო საზოგადოების ქვეყნის სოციალ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთერთ მთავარ აქტორად ჩამოყალიბების წახალისება და ხელშეწყობა;
  • მხარდაჭერა აღმოუჩინოს სამოქალაქო სექტორს, რათა მან შეიძინოს და განავითაროს სოციალური სერვისის მიწოდებისა და საზოგადოების განვითარების პროგრამების დანერგვის ფუნქციები.
  • ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციები არ იქნებიან დამოკიდებული მხოლოდ საერთაშორისო დონორებზე და სახელმწიფოსგან თუ ბიზნეს სექტორიდან გაუადვილდებათ გრანტების მოძიება. დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება კი გაზრდის მათი მუშაობის დინამიკასა და ნაყოფიერებას.
  • ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციების მოქმედებისათვის სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
  • სამოქალაქო ორგანიზაციათა ეფექტური და მჭიდრო ქსელის შექმნის მხარდაჭერა, რაც გაზრდის მათ შორის კოორდინირებულ მოქმედებას და ხელს შეუწყობს კონსოლიდირებული სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებას. საბოლოო ჯამში კი კი პოზიტიურ გავლენას მოახდენს, როგორც ამ ორგანიზაციების სიციცხლისუნარიანობაზე, ასევე მათ  საზოგადოებრივ გავლენაზე.

 

სამოქალაქო სექტორის ჩართულობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განაპირობებს დემოკრატიის მაღალ ხარისხს, შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოებაში გენერირებული იდეებისა და კონცეფციების გათვალისწინება მაქსიმალურად უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს ამა თუ იმ სექტორის რეფორმირების პროცესში.

 

გარდა მისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობით ხდება ახალგაზრდების მხარდაჭერა პროფესიური ზრდისა და საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობის მიზნით. ასევე სამოქალაქო საზოგადეობის შემადგენელ ორგანიზაციაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი წარმოადგენს პროფესიონალ, ენერგიულს და უნივერსალურ ღირებულელების მხარდამჭერ მოქალაქეებს, რომლებსაც კონკრეტულ სფეროში გააჩნიათ დიდი ცოდნა და გამოცდილება. შესაბამისად,  ეს პოტენციალი გამოყენებული უნდა იქნას ქვეყნის დემოკრატიზაციისა და სოციალურ-პოლიტიკური განვითარების პროცესში.

 

მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო სექტორის აქტივობებში სახელმწიფოს ჩარევა და მონიტორინგი კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა არის არამიზანშეწონილი. თუმცა ამავდროულად საზოგადოებრივი ორგანიზაციები უნდა ექვემდებარებოდნენ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, უზრუნველყოფდნენ საკუთარ ღიაობასა და გამჭვირვალობას, ასევე ახდენდნენ თვითრეგულაციას.  

 

 მედია

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედია პირდაპირ უკავშირდება გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის მიღების უნივერსალურ ღირებულებას და განაპირობებს საზოგადოების ინფორმირებულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რისი საშუალებითაც ხელს უწყობს პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის ზრდას, კანონის უზენაესობის გამყარებას, სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალე მუშაობს და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. შესაბამისად, მედია გავლენას ახდენს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგზე, ასევე საზოგადოების განვითარებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესზე.

 

საქართველოს პროგრესული ფორუმი მიიჩნევს, რომ  აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის მიღების თავისუფლებები დემოკრატიული ქვეყნისთვის წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის ღირებულებებს, რისი საშუალებითაც უზრუნველყოფილია  დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, მისი პროგრესი და კეთილდღეობა, ადამიანის სხვა უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების გამოყენების შესაძლებლობა.

 

ასევე ჩვენ ვაღიარებთ ამ პროცესში მედიის არსებით როლსა და მზარდ გავლენას, რადგანაც ერთის მხრივ, ის ხელს უწყობს საზოგადოებაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდას და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, რაც ზრდის მოქალაქის მიერ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებასა და გაცნობიერებულ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში. მეორე მხრივ კი წარმაოგენს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ინსტიტუტების კონტროლის მექანიზმს.

 

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის არსებობა  ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ამისთვის კი აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან შემდეგი საკითხებზე ყურადღების გამახვილება:

 

  • ქვეყანაში თავისუფალი გარემოს შექმნა, რაც მედიის მხრიდან შესაძლებელს გახდის საზოგადოებისათვის დროული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.
  • ადმინისტრაციული და პოლიტიკური სისტემის გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის უზრუნველყოფის პროცესში მედიასთან ურთიერთობისას საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური კომუნიკაციისა და ღიაობის აუცილებლობას.
  • ხელშეწყობას, რომ მედია წარმოადგენდეს არამარტო ინფორმაციის მიწოდების საშუალებას, არამედ მიუკერძოებელი მსაჯულის/დარაჯის (Watchdog) ფუნქციაც შეიძინოს და ასევე წარმოადგენდეს ხელისუფლებსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციისა და მედიაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუციას.
  • ისეთი გარემოს შექმნა, რომ მედია ორგანიზაციები და მასში დასაქმებული პირები მოსალოდნელი ზეწოლის შიშით არ უნდა ახორციელებდნენ თვითცენზურას, რადგანაც დემოკრატიულ ქვეყანაში მედია უნდა წარმოადგენდეს პრობლემების გამოაშკარავების და არა მიჩქმალვის/გადაფარვის საშუალებას.
  • საინფორმაციო პლურალიზმის ხელშეწყობა, რისთვისაც დამახასიათებელი იქნება რეგიონალური მედიის განვითარების მძლავრი ტენდენცია.
  • მედიისთვის ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, რადგანაც მცირერიცხოვან ქვეყანაში ქართულენოვანი მედიის პოტენციურ მომხმარებელთა რიცხვი მცირეა და შესაბამისად, მცირეა ბიზნეს წრეების მხრიდან კომერციული დაინტერესებაც. ფინანსური კეთილდღეობას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია მედიის განვითარებისა და ობიექტურობის შენარჩუნების პროცესში.

 

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მედია არ უნდა განიცდიდეს სახელმწიფი მხრიდან აკრაძალვებსა და შეზღუდვებს. ის უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო კონტროლისაგან. სახელმწიფოს როლი მედია რეგულირებაში უნდა იყოს მინიმალური, თუმცა ამავდროულად სახელმწიფო უნდა იყოს ქვეყანაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარანტი.

 

ამავდროულად მივიჩნევთ, რომ მინიმალური რეგულაციებიც კი შეიძლება აღქმული იქნას როგორც მედიის თავისუფლების შეზღუდვა, თუმცა რეგულაციებისა და საერთო სტანდარტების გარეშე მედია ასევე მარტივად შეიძლება იქცეს დეზინფორმაციის საშუალებად. ამიტომაც ოქროს შუალედის დასაცავად და გადაცდომების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მედია სფეროში სერიოზული რეფორმის ჩატარება და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩარევა უნდა იყოს მინიმალური. რეფორმის ძირითადი მიზანი უნდა იყოს მედიის თვითრეგულირების პრინციპებზე გადასვლა და მისი უმთავრესი ამოცანა გახდეს არა კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარება, არამედ საზოგადოების სამსახურში ჩადგომა და განსხვავებული აზრების თანაბრად წარმოჩენა და გაშუქება.