საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"პროგრესული ფორუმის" განცხადება

საქართველოს პროგრესული ფორუმი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მხრიდან საჯარო უწყებებში დასაქმებულ იმ თანამშრომლებზე ზეწოლას და მათ მიმართ მუქარას, ვინც ერთობლივი პროტესტი გამოთქვა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიურ კორპუსში, განათლების სამინისტროში, შემოსავლების სამსახურში, თავდაცვის სამინისტროში, ეროვნულ ბანკში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულთა ნაწილის საპროტესტო განცხადებების პასუხად, ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ განაცხადეს, რომ ეს გამოიწვევს სახელმწიფო სისტემის “თვითწმენდას” და არის „თვით-ლუსტრაციის“ პროცესი. თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ მერიაში ისედაც “დაგეგმილი იყო რეორგანიზაცია” და “გადაადგილებები”. ამასთან, სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია ზოგიერთი საჯარო უწყების თანამშრომლებზე, განცხადებებზე ხელმოწერის გამო, სამსახურის დატოვების მოთხოვნით ზეწოლის შესახებ. 

კახა კალაძის მინიშნება რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ისევე როგორც ირაკლი კობახიძის განცხადება თვითწმენდის შესახებ არის მუქარა განსხვავებული აზრის მქონე დასაქმებულების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციასა და ანგარიშსწორებაზე. ასევე მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადებები ხელს უწყობს სხვა საჯარო დაწესებულებებში განსხვავებული პოლიტიკური აზრის დევნის პროცესს. 

საქართველოს კანონმდებლობით, თუ დასაქმებული განცხადების საფუძველზე ტოვებს დაკავებულ პოზიციას, აუცილებელია, გამოვლენილი ნება იყოს ნამდვილი და არა იძულების, დაშინების თუ სხვა უკანონო ზემოქმედების შედეგი. ასევე, რეორგანიზაცია არ შეიძლება იყოს დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და ყოველი ასეთი ქმედება მოითხოვს შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილებას.  

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა თუ სხვა უწყებების თანამშრომლებს უფლება აქვთ, არ დაწერონ განცხადება საკუთარი ნებით თანამდებობის დატოვების თაობაზე, გათავისუფლების შემთხვევაში მოითხოვონ სამართლებრივი დასაბუთება; შევიწროების, ან დისკრიმინაციის სხვა შემთხვევების დროს კი – მიმართონ ყველა არსებულ სამართლებრივ მექანიზმს, საკუთარი თავის და კოლეგების უსამართლო ანგარიშსწორებისგან დასაცავად.

“პროგრესული ფორუმი” მოუწოდებს პოლიტიკურ თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებიც ხელს უწყობს ან პირდაპირ არღვევს ადამიანების შრომით უფლებებს. 

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურს და საქართველოს სახალხო დამცველს გამოიყენონ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და აღკვეთონ საჯარო სექტორში დასაქმებულების პოლიტიკური ნიშნით დევნა და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია.