საზოგადოება იერარქიულ სოციალურ ჯგუფებად იყოფა. ის, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნები, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ყოფით შესაძლებლობებს, ცხოვრების წესსა და ცნობიერებასაც კი. სოციალური იერარქიის შესწავლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი საზოგადოების კლასებად დაყოფაა.
საქართველოში, საჯარო და აკადემიურ სივრცეში, საბჭოთა წარსულის დისკრედიტაციის ფონზე, სიტყვა „კლასი“ ტაბუირებულია. დამოუკიდებლობიდან დღემდე, საზოგადოების კლასობრივი სტრუქტურა სრულფასოვნად არ გაანალიზებულა. აღნიშნული კვლევა ამგვარი ანალიზის ერთ-ერთი იშვიათი მცდელობაა, რომლითაც გვსურს, წავახალისოთ სოციალური იერარქიის შესწავლა და ხელი შევუწყოთ სოციალური სამართლიანობისთვის აუცილებელი სოლიდარული კავშირების შესაძლებლობებზე მსჯელობას.
წინამდებარე დოკუმენტში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „სამუშაო ძალის გამოკვლევაზე“ დაყრდნობით, წარმოვადგენთ კლასობრივი სტრუქტურის შესახებ პირველად მონაცემებს და კლასობრივ სქემას. ასევე, მოვხაზავთ მომავალში ჩასატარებელი კვლევების არეალს.