საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა თბილისში

კვლევა მიმოიხილავს, თუ საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს შორის, ვის შეუძლია თბილისში მდებარე საცხოვრებლის შეძენა მიმდინარე ფასებისა და შემოსავლების პირობებში.

საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა თბილისში მხოლოდ ლოკალური საკითხი არაა. თბილისზე მოდის ქვეყნის მშპ-ის 53% და დაქირავებით დასაქმებულთა თითქმის 40%, იქ ცხოვრობს მოსახლეობის მესამედზე მეტი. სამუშაოსა და განათლებას ადამიანები სწორედ იქ ეძებენ. ამიტომ დედაქალაქში ბინის ყიდვა ან ქირაობა ეროვნული დონის გამოწვევაა.

საცხოვრებლის ხელმიუწვდომობა ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე ბარიერად იქცევა, მათ შორის: ბავშვის სწავლა, სტუდენტის განათლება, ახალგაზრდის დამოუკიდებლად ცხოვრება, ოჯახის შექმნა და ა. შ. ამავდროულად, საქართველოს არ აქვს ეროვნული საბინაო პოლიტიკა და სოციალური საცხოვრისის ადეკვატური სისტემა. ბინების ფასებს კი სულ უფრო ნაკლებად ადგილობრივების შემოსავლები განსაზღვრავს და სულ უფრო მეტად ინვესტიციები, სპეკულაცია და მიგრაციული პროცესები.

პროგრესული ფორუმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ახალი კვლევა - „საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობა თბილისში“  - სამი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტის გამოყენებით აფასებს, ვის შეუძლია დღეს თბილისში 55 კვ.მ ბინის იპოთეკით შეძენა ან დაქირავება. კვლევის მიხედვით, ყველაზე იაფ უბანშიც კი იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი, ქირა კი ოჯახების 90%-ისთვის ხელმიუწვდომელია.

კვლევის ავტორები: კოტე ერისთავი, ანა მიხელიძე

კვლევის სანახავად ჩამოტვირთეთ PDF დოკუმენტი.