საქართველოს პროგრესული ფორუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით იწყებს მონაწილეების შერჩევას პროგრესული იდეების სკოლის საბაზისო სემინარზე, რომელიც ჩატარდება 20-22 ოქტომბერს გუდაურში.

პროგრესული იდეების სკოლა წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული იდეების საბაზისო სასწავლო კურსს, რომლის მიზანია დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია და გაუზიაროს ცოდნა სოციალ-დემოკრატიისა და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობის, ეკონომიკური პოლიტიკის, შრომის უფლებებისა და მდგრადი განვითარების შესახებ. სკოლის პროგრამა მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ მიღებული ცოდნა. 

სემინარი შედგება შემდეგი მოდულებისგან:

  • სოციალ-დემოკრატიის ღირებულებები და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიები;
  • სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები;
  • სოციალ-დემოკრატიის ისტორია: საქართველო და მსოფლიო.
  • შრომის პოლიტიკა;

სკოლაში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა  უნდა შეავსონ პროექტში მონაწილეობის სააპლიკაციო ფორმა.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 1-ელი ოქტომბერი.

დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება!

შერჩეული მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება თბილისი-გუდაური-თბილისი, სასტუმროში განთავსება და კვება. რეგიონებიდან მონაწილეების თბილისამდე ან გუდაურამდე ტრანსპორტირების ხარჯები ანაზღაურდება მგზავრობის ჩეკის ან ბილეთის წარმოდგენის საფუძველზე!

სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და საშუალება ექნებათ შეუერთდნენ სკოლის ალუმნების ქსელს, რომელიც აერთიანებს 900-მდე ახალგაზრდას მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროგრესული იდეების სკოლაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 30 ლარს. აპლიკანტებმა თანხა უნდა გადაიხადონ მონაწილედ შერჩევის შემდეგ, რის შესახებაც ინფორმაციას სკოლის გუნდი შეგატყობინებთ.

გაითვალისწინეთ, ვისაც უკვე გავლილი აქვს სკოლის სემინარი წინა წლებში ამ სემინარში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

 

გისურვებთ წარმატებას!