საქართველოს პროგრესული ფორუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს აპლიკაციების მიღებას პროგრესული იდეების სკოლის ზაფხულის ტრენინგზე, რომელიც გაიმართება 24-26 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

პროგრესული იდეების სკოლა წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული იდეების საბაზისო სასწავლო კურსს, რომლის მიზანია დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია და გაუზიაროს ცოდნა სოციალ-დემოკრატიისა და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობის, შრომის უფლებების, ფემინიზმის, მწვანე პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების შესახებ. სკოლის პროგრამა მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ და გაითავისონ მიღებული  ინფორმაცია.

პროგრესული იდეების სკოლა შედგება სამი ძირითადი და ერთი არჩევითი მოდულისგან.

ძირითადი მოდულებია:

  • სოციალ-დემოკრატიის ღირებულებები და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიები;
  • სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები;
  • სოციალ-დემოკრატიის ისტორია.

არჩევითი მოდულებია:

  • ფემინისტური პოლიტიკა;
  • შრომის პოლიტიკა;
  • მწვანე პოლიტიკა.

სკოლაში მონაწილეობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა  უნდა შეავსონ პროექტში მონაწილეობის  სააპლიკაციო ფორმა. სკოლის გუნდი განიხილავს შემოსულ აპლიკაციებს და შეარჩევს მონაწილეებს.

სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 20 ლარს. თანხის გადახდა უნდა მოხდეს პროგრესული იდეების სკოლაში მონაწილედ შერჩევის შემდეგ, რის შესახებაც სკოლის გუნდი დაგიკავშირდებათ. 

შერჩეული მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება თბილისიდან ყვარელში ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება და კვება. რეგიონებიდან მონაწილეების თბილისამდე ან ყვარელამდე ტრანსპორტირების ხარჯები ანაზღაურდება მგზავრობის ჩეკის ან ბილეთის წარმოდგენის საფუძველზე.

სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გარდა ამისა, მათ საშუალება ექნებათ შეუერთდნენ სკოლის ალუმნების ქსელს, რომელიც აერთიანებს 800-მდე ახალგაზრდას მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამწუხაროდ, ვისაც უკვე გავლილი აქვს სკოლის სემინარი წინა წლებში წლევანდელ ტრენინგში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

აპლიკაციები მიიღება 30 მაისის დღის ბოლომდე.

დაგვიანებით შემოსული განაცხადი არ განიხილება!

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: progresuliskola@gmail.com

 

სკოლის გუნდი გისურვებთ წარმატებას!