საქართველოს პროგრესული ფორუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით იწყებს მონაწილეების შერჩევას პროგრესული იდეების სკოლის შემოდგომის ნაკადისათვის. ტრენინგი ჩატარდება 28-30 ოქტომბერს ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

მე-8 წელია საქართველოს პროგრესული ფორუმი  ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად ახორციელებს პროგრესული იდეების სკოლის პროექტს, რომელსაც  800-მდე მონაწილე (ალუმნი) ჰყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროგრესული იდეების სკოლა წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული იდეების საბაზისო სასწავლო კურსს, რომლის მიზანია დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია და გაუზიაროს ცოდნა სოციალ-დემოკრატიისა და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობის, ეკონომიკური პოლიტიკის, შრომის უფლებების, ფემინიზმის, მწვანე პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების შესახებ. სკოლის პროგრამა მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს ეხმარება უკეთ გაიაზრონ და გაითავისონ ტრენინგებზე მიღებული მასალა და ცოდნა. ტრენინგები დატვირთულია როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ნაწილებით, რაც უზრუნველყოფს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას და ინტერესს.

პროგრესული იდეების სკოლა შედგება სამი ძირითადი და ერთი არჩევითი მოდულისგან.

ძირითად მოდულებს წარმოადგენს:

  • სოციალ-დემოკრატიის ღირებულებები და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიები;
  • სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები;
  • სოციალ-დემოკრატიის ისტორია: საქართველო და მსოფლიო.

არჩევითი მოდულებია:

  • ფემინისტური პოლიტიკა;
  • შრომის პოლიტიკა;
  • მწვანე პოლიტიკა.

სკოლაში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა  უნდა შეავსონ პროექტში მონაწილეობის სააპლიკაციო ფორმა.

აპლიკაციები მიიღება 30 სექტემბრის დღის ბოლომდე!

დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება!

პროგრესული იდეების სკოლაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 20 ლარს. აპლიკანტებმა თანხა უნდა გადაიხადონ მონაწილედ შერჩევის შემდეგ, რის შესახებაც ინფორმაციას სკოლის გუნდი შეგატყობინებთ.

შერჩეული მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება თბილისიდან ყვარელში ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება და კვება. რეგიონებიდან მონაწილეების თბილისამდე ან ყვარელამდე ტრანსპორტირების ხარჯები ანაზღაურდება მგზავრობის ჩეკის ან ბილეთის წარმოდგენის საფუძველზე.

სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გარდა ამისა, მათ საშუალება ექნებათ შეუერთდნენ სკოლის ალუმნების ქსელს, რომელიც აერთიანებს 800-მდე ახალგაზრდას მთელი საქართველოს მასშტაბით.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, ვისაც უკვე გავლილი აქვს სკოლის სემინარი წინა წლებში წლევანდელ ტრენინგში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: progresuliskola@gmail.com

 

სკოლის გუნდი გისურვებთ წარმატებას!