ავტორი: სალომე შარაშენიძე (2014 წლის სკოლის გამარჯვებული) 

2014 წელი

 

ბსტრაქტი

მოცემული დოკუმენტის მიზანია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის, არარეგულირებული პროსტიტუციის ანალიზი და მისი მოგვარების გზების ძიება. ნაშრომში მოვახდინე იმ 2 უმთავრესი პრობლემის იდენტიფიცირება, რომელსაც არარეგულირებული პროსტიტუცია იწვევს, ესენია სექს-მუშაკების მიმართ ძალადობის მაღალი დონე და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით როგორც სექს-მუშაკების, ასევე  სექსის "მყიდველების" დაინფიცირების მაღალი რისკი. დოკუმენტში განხილული მაქვს პროსტიტუციის სფეროში დღეს არსებული ვითარება და ასევე ისიც თუ რა აიძულებთ სექს-მუშაკებს დაკავდნენ სხეულის ვაჭრობით.  პრობლემის მოგვარების გზებად განვიხილე  პროსტიტუციის სრული ლეგალიზაციის გერმანული და შეზღუდული ლეგალიზაციის შვედური მოდელები. აღნიშნული მოდელების შედარებითი ანალიზის საფუძველზე, დავრწმუნდი რა შვედური მოდელის უპირატესობაში შევიმუშავე 4 რეკომენდაცია, რომლებიც დოკუმენტის ბოლო თავში  მაქვს გაშლილი.  

 

შესავალი

საქართველო მსოფლიოს იმ მრავალ სახელმწიფოს შორის ერთ-ერთია სადაც  პროსტიტუცია სრულად არალეგალურია. პროსტიტუცია ისჯება საქართველოს სამართალდარღვევათა ადმინისტრაციული კოდექსით (მუხლი 1723) და „გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე“(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,  2014).  პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა კი ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით (მუხლი 254) და ითვალისწინებს  დაჯარიმებას ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან  ოთხ წლამდე ვადით. 

დღეს ფაქტიურად მოსახლეობის ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ  სახელმწიფო ვერ ახერხებს პროსტიტუციის  სფეროს რეგულირებას. საქართველოს კანონმდებლობით პროსტიტუციასთან ბრძოლა პოლიციის პრეროგატივაა.  მიუხედავად პოლიციის ძალისხმევისა,  ქვეყანაში  არიან საკმაო რაოდენობის სექს-მუშაკები და ასევე - არალეგალური ბორდელები, რომლებიც სამართალდამცავებისგან ფარულად ფუნქციონირებენ.  ბოლო წლების განმავლობაში  საქართველოში პროსტიტუციის თემაზე გამოქვეყნებულ  ოფიციალურ ინფორმაციას, სხვადასხვა საგაზეთო სტატიებს, სატელევიზიო რეპორტაჟებს თუ შევისწავლით, დავინახავთ რამდენად ფართომასშტაბიანია და რამდენ პრობლემას იწვევს არარეგულირებული პროსტიტუცია როგორც უშუალოდ სექს-მუშაკებისათვის, ასევე  საზოგადოებისა და ზოგადად  სახელმწიფოსათვის.  ამ პრობლემათაგან უმთავრესი კი არის სექს-მუშაკების მიმართ განხორციელებული ძალადობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალი რისკი.  

პრობლემა სახეზეა და ის სახელმწიფოს მხრიდან  გადაწყვეტას საჭიროებს. დღეს საქართველო ცდილობს დაუახლოვდეს ევროპას, ამიტომ აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი გზების მოძებნაა საჭირო. გამომდინარე აქედან,  ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით პრობლემის  შესაძლო გადაწყვეტად შეიძლება მოვიაზროთ პროსტიტუციის სრული ლეგალიზაციის გერმანული ან შეზღუდული ლეგალიზაციის შვედური მოდელების ქართულ რეალობაზე მორგება.

 

რობლემის  აღწერა

საქართველოში, ისევე სხვა ქვეყნების უმრავლესობაში პროსტიტუციის ფართო მასშტაბიანი გავრცელების ძირითადი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირეა. ეკონომიკური პრობლემები აიძულებთ როგორც წესი, ძირითადად ქალებს, რომლებთაც ძალიან ხშირად ჰყავთ შვილი/შვლებები, ფულის შოვნის სხვა გზების არარსებობის გამო გაყიდონ საკუთარი სხეული. 

საინფორმაციო სამედიცინო - ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ წარმომადგენლის, არჩილ რეხვიაშვილის თქმით, საქართველოში პროსტიტუციით დაკავებული პირები ორ ძირითად ჯგუფად -  ქუჩაში და ბორდელში მომუშავე  სექს-მუშაკებად იყოფიან (ლიბერალი, 2012).  ქვეყანაში არ არსებობს  სექს-მუშაკების ან ბორდელების რაოდენობის  ზუსტი სტატისტიკა.

ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში სექს-მუშაკები ძალადობის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფია.  ისინი ხშირად ხდებიან ძალადობის სხვადასხვა ფორმის, ძირითადად კი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. საქართველოში  არ არსებობს ამ მიმართულებით ზუსტი სტატისტიკა, რადგანაც სექს-მუშაკების მხრიდან პოლიციისადმი მიმართვიანობის დონე უკიდურესად დაბალია. ეს გასაგებია იმ პირობებში როცა ქვეყანაში პროსტიტუცია  დასჯადი ქმედებაა. ძალადობის შესახებ გაცხადება შესაძლოა დასრულდეს სექს-მუშაკისათვის ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებით. გამომდინარე აქედან, როგორც წესი, სექს-მუშაკები ძალადობის ფაქტების შესახებ  პოლიციაში არ აცხადებენ, ეს კი მათი მისამართით განხორციელებული ძალადობის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

სექს-მუშაკებში დიდი არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხე. ეს კი ყოველდღიაურად რისკის ქვეშ აყენებს როგორც ამ პროფესიის ადამიანების, ასევე იმ ადამიანების ჯანმრთელობას რომლებთანაც ისინი ფიზიკურ კონტაქტს ამყარებენ.  იმის გამო, რომ საქართველოში პროსტიტუცია არალეგალურია სახელმწიფო არანაირი მექანიზმებით არ აკონტროლებს  სექს-მუშაკების  ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასევე არანაირ სერვისს (მაგალითად  ექიმთან პერიოდული უფასო კონსულტაცია) არ სთავაზობს მათ.  ეკონომიკური მდგომარეობის გამო კი ბევრი სექს-მუშაკი  ვერ ახერხებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების საკუთარი ხარჯებით მიღებას. შესაბამისად ისინი მუდმივად დგანან ისეთი მძიმე დაავადედებით დაინფიცირებისა და შემდგომ მათი გავრცელების მაღალი რისკის ქვეშ, როგორიც არის შიდსი, ჰონორეა, სიფილისი და ა.შ.

 

ერმანული  და  შვედური  მოდელები

პროსტიტუცია სხვადასხვა მასშტაბებით ყველა ქვეყანაში არსებობს. მსოფლიოს სახელმწიფოთა ნაწილმა მისი რეგულირების სხვა, საქართველოსაგან განსხვავებული, გზები მოძებნა. ესაა: პროსტიტუციის სრული  ან  შეზღუდული ლეგალიზაცია.  პირველ მოდელს ვხვდებით გერმანიაში, მეორეს  -  შვედეთში.

ერმანიაში  პროსტიტუციის ლეგალიზაციის თარიღად ზოგიერთი მიიჩნევს 1927 წელს, როდესაც ქვეყანაში მიიღეს  ვენერიულ დაავადებებთან ბრძოლის კანონი, რომლის ძალითაც მოხდა პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია.  პროსტიტუციის ლეგალიზაციის  წლად  ძირითადად მაინც  მიიჩნევა 2002 წელი, როდესაც ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეთა პარტიის კოალიციამ მიიღო პროსტიტუციის აქტი, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სექს-მუშაკების სოციალური მდგომარეობა და უფლებები. 2002 წლიდან მოყოლებული გერმანიაში პროსტიტუცია (როგორც სექსის "გაყიდვა", ასევე მისი "ყიდვა") სრულად ლეგალურია, ასევე ლეგალურია   ბორდელების ფლობა.

პროსტიტუციის ლეგალიზაციის გამო, ქვეყანაში  კარგად არის ორგანიზებული როგორც ბორდელების ფუნქციონირება,  ასევე ქუჩის პროსტიტუცია. ორივე შემთხვევაში დაცული არის ჰიგიენა და მომუშავე სექს-მუშაკების უსაფრთხოება. ბორდელებს ჰყავთ დაცვა, ქუჩის პროსტიტუციის შემთხვევაში  უსაფრთხოების დაცვას პოლიცია უზრუნველყოფს. რადგან პროსტიტუცია არის ლეგალური კონტროლდება სექს-მუშაკების ჯანმრთელობა. მათ გააჩნიათ ჯანმრთელობის დაზღვევა. ბორდელები, ისევე როგორც დამოუკიდებელი სექს-მუშაკები იხდიან  გადასახადს.  პროსტიტუციამ ქვეყანაში განავითარა სექს ინდუსტია, რომელშიც წელიწადში დაახლოებით  20 მილიარდი  დოლარი ბრუნავს. 

გერმანიაში პროსტიტუციის ლეგალიზაციის ძირითადი მიზანი იყო  სექს-მუშაკების მდგომარეობის გაუმჯობესება. მაგრამ გარკვეული მიმართულებით პროგრესის მიუხედავად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ  მთლიანმა სურათმა მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები განიცადა.  ლეგალიზაციის პარალელურად ქვეყანაში გაფართოვდა პროსტიტუციის სფერო და გაიზარდა ამ საქმით დაკავებული ადამიანების რაოდენობა. 2012 წელს ჟურნალ World Development-ში გამოქვეყნდა კვლევა "პროსტიტუციის ლეგალიზაცია ზრდის ადამიანებით ვაჭრობას?" მკვლევარების მიერ განხულილ 116 ქვეყანას შორის ერთ-ერთი იყო გერმანია. კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნები,  სადაც პროსტიტუცია ლეგალიზებულია, ხასიათდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლთა ნაკადის გაცილებით მზარდი შედინებით, ვიდრე ის სახელმწიფოები, სადაც პროსტიტუცია აკრძალულია. ასევე, პროსტიტუციის სრული ლეგალიზაციის მიუხედავად მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა სექს-მუშაკების მდგომარეობა. გერმანიის საოჯახო საქმეების, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდების ფედერალური სამინისტოს  2007 წელს გამოქვეყნებულ ანგარისში პროსტიტუციის აქტის გავლენების შესახებ  ვკითხულობთ,  „არ არსებობს მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, რომ  აღნიშნულმა კანონმა შეამცირა დანაშაულს დონე....  კანონმა უმნიშვნელოდ გაზარდა პროსტიტუციის სფეროს გამჭვირვალობის დონე.... კანონმა  ვერ შეძლო მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა სექს-მუშაკების სოციალური დაცვის დონე.... არ შეინიშნება სექს-მუშაკების სამუშაო პირობების ხელშესახები გაუმჯობესება.“ ანგარისში განსაკურებით ხაზი აქვს გასმული იმ ფაქტს, რომ   პროსტიტუციის აქტის ამოქმედების შემდეგ  ქვეყანაში კრიმინალის დონის შემცირება არ დაფიქსირებულა.  აღსანიშნავია ისიც, რომ   ანგარიშის მიხედვით, გერმანელი პროკურირების 1/3 აღნიშნავს, რომ აქტის ძალაში შესვლამ მათთვის გაართულა ტრეფიკინგის მიმართულებით  სამართლებრივი დევნის  განხორციელება.

ვედეთში პროსტიტუციის შეზღუდული ლეგალიზაციის ფორმა არის განვითარებული.  1999 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა კანონი სექსუალური მომსახურების შესყიდვის აკრძალვის შესახებ.  ანუ ქვეყანაში დანაშაულს წარმოადგენს არა სექსის "გაყიდვა",  არამედ -  მისი "ყიდვა."  დანაშაულის დამტკიცების შემთხევაში მყიდველს (და არა სექს-მუშაკს)  ემუქრება ჯარიმა ან 6 თვემდე პატიმრობა.   ქვეყანაში  დასჯადია ბორდელების ფლობა და აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს  4  წლამდე პატიმრობას.   

მთავარი პრინციპი, რომელიც პროსტიტუციის  კანონს უდევს საფუძვლად, მდგომარეობს იმაში, რომ შვედეთში პროსტიტუცია  მიჩნეულია  ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობად და რომ ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამ პროფესიით დაკავებულ ადამიანებს, არამედ - მთელ საზოგადოებას. 

გამომდინარ იქიდან, რომ შვედეთში სექსის „ყიდვა“ დასჯადი ქმედებაა ეს პირდაპირ უწყობს ხელს სექსზე მოთხოვნის შემცირებას.   ეს პირველ რიგში  ტრეფიკინგის დონეს ამცირებს, რადგან ამ საქმიანობას უფრო რისკიანსა და ნაკლებად მომგებიანს ხდის.  ზემოთ ნახსენებ, 2012 წელს ჟურნალ World Development-ში გამოქვეყნდა კვლევის მიხედვით, „შვედეთში სექსის „ყიდვის“ კრიმინალიზაციამ შედეგად გამოიღო ქვეყანაში სექსის ბაზრის შემცირება და შეამცირა ტრეფიკინგის დონე.“   შვედური მოდელი ხელს უწყობს  სექს-მუშაკების მიმართ ძალადობის აღკვეთას.  მამაკაცებმა, რომლებიც სექსს „ყიდულობენ“ იციან, რომ ამ სიტუაციაში სექს-მუშაკები უფლებების მხრივ უპირატესობას ფლობენ. მათ იციან, რომ ძალადობის განხორციელების და ამის შესახებ პოლიციისათვის შეტყობინების შემთხვევაში სწორედ მათ დაეკისრებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შესაბამისაც ცდოლობენ კანონის ფარგლებში მოიქცნენ.  პროსტიტუციის კანონის მიღების შემდეგ შვედეთში არცერთი  სექს-მუშაკი არ მოუკლავთ. 

შვედური კანონი, აღიარებს რა პროსტიტუციას ქალთა მიმართ ძალადობად, მიზნად ისახავს დაეხმაროს  სექს-მუშაკებს თავი დააღწიონ ამ სფეროს.  ამ მიმართულებით მათვარობა აფინანსებს სხვადასხვა  საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის დაცვის და ა.შ პროგრამებს. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობისა და სექსის „ყიდვაზე“ მოთხოვნის შემცირების შედეგია ის, რომ ქვეყანაში 1999 წლიდან მოყოლებული დრამატულად შემცირდა სექს-მუშაკების რაოდენობა. სტოკჰოლმის პოლიციის პროსტიტუციის განყოფილების ოფიცრის 2013 წელს გარდიანისათვის მიცენული ინტერვიუს მიხედვით, 1998 წელს შვედეთში  დაახლოებით 2500 სექს-მუშაკი იყო,  2013 წელს კი მათი რაოდენობა 1000-მდე შემცირდა.

შვედური მოდელი დღეს მთელს ევროპაში არის ცნობილი. მის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2008 წელს ის მიიღო ნორვეგიამ, 2009 წელს - ისლანდიამ, მასში გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ შვედური მოდელი გაიზიარა ასევე ფინეთმა და გაერთიანებულმა  სამეფომ.

 

დაპტირებული  შვედური  მოდელი საქართველოში

ის, რომ საქართველოში პროსტიტუციის დღეს არსებული მოდელი პრობლემატურია ამაზე ყველა საუბრობს, დაწყებული პოლიტიკოსებიდან  დამთავრებული  თვითონ ამ სფეროში მომაშავე  ქალბატონებით. ყველა საუბრობს ასევე იმაზეც, რომ არარეგულირებული პროსტიტუცია სახელმწიფომ გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოაქციოს და მისი რეგულირება მოახდინოს. მიუხედავად პრობლემის აქტუალურობისა, საკითხი იმდენად სენსიტიურია, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე მთავრობები ერიდებოდნენ ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. საქართველოში რელიგიურ-კულტურული ფონიდან გამომდინარე ნამდვილად დიდი სიფრთხილეა საჭირო პროსტიტუციის რეგულირების მიმართულებით შესაბამისი მოდელის მოძებნისა და შემდეგ მისი ქართული რეალობისათვის მორგების საქმეში. 

მსოფლიოში პროსტიტუციის რეგულირების სულ რამდენიმე მოდელი არსებობს. ამათგან საქართველოში მოქმედი, პროსტიტუციის სრული კრიმინალიზაციის პოლიტიკა, არაეფექტურია, ამდენად ალტერნატიულ მოდელებად რჩება მისი სრული ან შეზღუდული ლეგალიზაცია. საქართველოს ისტორიული, კულტუტული, რელიგიური ფონიდან და ჩემ მიერ ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე  ოპტიმალურად მიმაჩნია ქვეყანაში ქართულ რეალობიაზე მორგებული შვედური მოდელის დანერგვა. ამ მიმართულებით სახელმწიფომ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  • საკანონმდებლო  ცვილების განხორციელება სექსის "გაყიდვის" დეკრიმინალიზაციის მიმართულებით
  • მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიიის ჩატარება
  • ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა სექს-მუშაკებისათვის
  • სოციალური დაცვის პროგრამა სექს-მუშაკებისათვის

 

აკანონმდებლო ცვილების განხორციელება სექსის "გაყიდვის" დეკრიმინალიზაციის  მიმართულებით   -  პროსტიტუციის რეგულირების მიზნით პირველ რიგში უნდა მოხდეს ამ მიმართულებით საკანონმდებო ბაზის მოწესრიგება. იუსტიციის სამიმისტროს მიერ უნდა მომზადდეს შვედეთში პროსტიტუციის კანონის მსგავსი კანონპროექტი, რომელიც მოახდენს საქართველოში სექსის "გაყიდვის" დეკრიმინალიზაციას და კანონით დაისჯება მხოლოდ სექსის  "ყიდვა." აღნიშნული კანონპოექტის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ის პირდაპირ შეამცირებს სექს-მუშაკების მიმართ ძალადობა, რაც თავის მხრივ ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებლის შემცირებასაც გამოიწვევს. სექს-მუშაკები, მათზე ძალადობის შემთხვევაში,  მათივე დაჯარიმების მიზეზით თავს აღარ შეიკავებენ პოლიციისათვის  მიმართვისაგან. მამაკაცები, რომლებიც სექსის "ყიდვას" გადაწყვეტენ იქნებიან უფრო ფრთხილად, რადგან ძალადობის შემთხვევაში ისინი სხვა დანარჩენთან ერთად  სექსის "ყიდვის" გამოც აგებენ პასუხს. სექსის "ყიდვის" კრიმინალიზაცია ასევე გამოიწვევს  სექს-მუშაკების მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირებას, როგორც კანონის ამოქმედების შემდეგ ეს შვედეთში მოხდა. ეს კი ასევე შეამცირებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების ალბათობას. ამდენად, შვედური პროსტიტუციის აქტის მსგავსი კანონის მიღება საქართველოში როგორც სექს-მუშაკების მიმართ ძალადობის, ასევე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

 

ოსახლეობის ინფორმირების მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიიის ჩატარება - იმისათვის, რომ ქვეყანაში ამოქმედებული ნებისიერი კანონი იყოს ეფექტური აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან მისი მიმღებლობა. მაგალითად შვედეთში პროსტიტუციის  კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 80%. ზემოთ ნახსენები საკანონმდებლო ცვლილებაც აუცილებელია ქართველმა ხალხმა მიიღოს.  საკითხი იმდენად სენსიტიურია, რომ კანონმა, განსაკუთებით რელიგიური მოსახლეობის წრეებში, დიდი უარყოფითი რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. ამდენად აუცილებელია ხალხისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.  კანონპროექტის პარლამენტში გადაგზავნამდე დაახლოებით 1 წლით ადრე ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ანტი-დისკრიმინაციული კანონის განხილვის მსგავსი, მაგრამ უფრო მასშტაბური კამპანიის ჩატარება. მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოეწყოს საჯარო ლექცია-დისკუსიები, მრგვალი მაგიდები, სატელევიზიო დებატები და ა.შ  სექსის "გაყიდვის" დეკრიმინალიზაციის  თემაზე. მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ შვედური პროსტიტუციის აქტის მსგავსი კანონის მიღება ქვეყანაში არ გამოიწვევს პროსტიტუციის სრულ ლეგალიზაციას, რომ ეს არ გამოიწვევს ბორდელების გახსნის დაკანონებას და ა.შ.  ხალხს მათთვის გასაგებად უნდა განემარტოს რატომ არის დღეს არსებული მოდელი არაეფექტური და რატომ მოგვცემს  ადაპტირებული შვედური მოდელის დანერგვა უკეთეს შედეგებს.  აღნიშნული ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიიის ჩატარება წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების წინაპირობა, რომლის გარეშე  პირდაპირ კანონის მიღება ვფიქრობ, იქნება გაცილებით ნაკლებად  ეფექტური. ამასთან ერთად, საინფორმაციო კამპანია  სექს-მუშაკებისა და  სექსის პოტენციური "მყიდველების" ინფორმირებას მოახდენს მათი უფლებების შესახებ. სექს-მუშაკები შეიტყობენ კანონის ამოქმედების შემთხვევაში რა უფლებებით აღიჭურვებიან ისინი და ზოგადად რას სთავაზობს მათ სახელმწიფო. სექსის პოტენციური "მყიდველები" კი შეიტყობენ მათი მისამართით რა სანქციები შეიძლება ამოქმედდეს და შესაბამისად უფრო გაფრთხილდებიან. 

 

ანმრთელობის დაცვის პროგრამა სექს-მუშაკებისათვის -  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს სექს-მუშაკების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შემუშავება და მისი ამოქმედება.  პროგრამის ფარგლებში უნდა შეიქმნას სექს-მუშაკების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც საზოგადოების ფართო მასებისათვის იქნება კონფიდენციალური და მასზე წვდომა მხოლოდ შესაბამის სპეციალისტებს ექნებათ.  პროგრამაში მონაწილე სექს-მუშაკებისათვის  6 თვეში ერთხელ გეგმიური სამედიცინო შემოწმება უნდა გახდეს სავალდებულო. ამ პროცესში დახმარებისათვის კი სახელმწიფომ ისინი დამატებით უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის ინდივიდუალური პაკეტით,  რომელიც მოიცავს 6 თვეში ერთხელ უსაფო გეგმიურ სამედიცინო შემოწმებას, სექს-მუშაკების დასნეულების შემთხვევაში კი - მკურნალობისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობას მინიმუმ 50% დაფინანსების სახით. სოციალური დაცვის ამ პროგრამის ამოქმედება, ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც სექს-მუშაკების, ასევე სექსის "მყიდველების"  სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დასნეულების შესაძლებლობებს.  ეს შეღავათი იქნება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მქონე სექს-მუშაკებისათვის, რომელთაც  ძირითადად არ აქვთ  ფასიანი სამედიცინო შემოწმების  საკუთარი ხარჯებით გავლის და მით უფრო დასნეულების შემთხვევაში სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღების  შესაძლებლობა. აღნიშნული ჯანმრთელობის დაცვის პაკეტი არ არის ძალიან მოცულობითი, ამდენად მასზე გაწეული ხარჯები დიდი არ იქნება. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ბრძოლა საკმაოდ ძვირი ჯდება, ამდენად ჯობს სახელმწიფომ მათ პრევენციაში ჩადოს ფული, რითაც ის  საბოლოოდ უფრო მეტ თანხებს დაზოგავს. 

 

ოციალური დაცვის  პროგრამა სექს-მუშაკებისათვის - ადაპტირებული შვედური მოდელის საქართველოში დანერგვის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ისევე როგორც შვედეთში მოხდა ეს, საქართველოშიც შემცირდება სექს-მუშაკების მომსახურებაზე მოთხოვნა.  ეს გამოიწვევს ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონებისათვის შემოსავლის შემცირებას, ამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მათ დასაქმების ალტერნატიული გზები შესთავაზოს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად უნდა შეიმუშაოს სექს-მუშაკებისათვის სოციალური დაცვის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში უნდა შეიქმნას ანონიმური სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც ფსიქოლოგები იმუშავებენ სექს-მუშაკებთან და დაეხმარებიან მათ ფსიქლოგიურ რეაბილიტაციაში. ასევე, პროგრამა უნდა დაეხმაროს სექს-მუშაკებს პროფესიულ გადამზადებაში. პროგრამამ სრულად უნდა დააფინანსოს ამ ადამიანების სწავლა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში არსებულ პროფესიულ კოლეჯებში.  პროფესიულ კოლეჯებში უსაფო სწავლის შესაძლებლობა  დაეხმარება სექს-მუშაკებს შეისწავლონ ახალი, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი პროფესია, შემდეგ  დასაქმდნენ და მოშორდნენ ქუჩას. და ბოლოს, ვფიქრობ  უპრიანი იქნება თუ სოციალური დაცვის პროგრამაში გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვანი შვილის/შვილების მშობელი სექს-მუშაკებისათვის გარკვეული სოციალური შეღავათების დაწესება.  ეს შეიძლება განხორციელდეს თუნდაც საგადასახადო ვაუჩერების მეშვეობით. მაგალითად,  მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ გადაეცეთ ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის ყოველთვიური (უკიდურეს შემთხვევაში ზამთრის თვეებში მაინც) გარკვეული რაოდენობის თანხის მოცულობის ვაუჩერები, რაც შეამციებს სექს-მუშაკების გადასახადებში გადახდილი თანხის მოცულობას.  სოციალური დაცვის პროგრამა პირდაპირ მიმართული არის იმისკენ, რომ სექს-მუშაკები მოშორდნენ ქუჩას და უსაფრთხო და უფრო ღირსეული შრომით ირჩინონ თავი. რაც უფრო ნაკლები სექს-მუშაკი გავა ქუჩაში მით ნაკლები იქნება მათ მიმართ ძალადობის განხორციელებისა და მათი დასნეულების ალბათობა.

 

აღნიშნულო 4 რეკონედაციის პრაქტიკაში განხორციელება ქმნის პროსტიტუციის შეზღუდული ლეგალიზაციის  შვედური მოდელის ქართულ რეალობაზე  მორგებისა და მისი დანერგვის შესაძლებლობას. დღეს, როდესაც საქართველო ცდილობს დაუახლოვდეს ევროპასა და მის ფასეულობებს მნიშვნელოვანია  პროსტიტუციის რეგულირების საკითხი  ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოვაგვაროთ.  ევროპაში აპრობირებული, ადაპრტირებული  შვედური მოდელის გაზიარება კი ვფიქრობ არის არარეგულირებილი პროსტიტუციის პრობლემის მოგვარების საუკეთესო  გზა.