ავტორი: მარიანა გელაშვილი

2014 წელი

 

შესავალი

დღეს, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა არც თუ იშვიათი შემთხვევაა. ამასთანავე, ბოლო დროის სტატისტიკაზე დაყრდნობოთ, შესამჩნევია ქალთა ჩაგვრისა და მათზე ძალადობის რაოდენობის მომატება. ქალები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას, უთანასწორო მოპყრობას. ასევე, საქართველოში ქალები ხდებიან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული, სექსისტური და ტრადიციაში დანერგილი შეხედულებების მსხვერპლნი.  ამგვარ დისკრიმინაციულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სუფევს, ქალებს უჭირთ დაარღვიონ დუმილი და საჯაროდ ისაუბრონ მათთვის ტაბუირებულ თემებზე (შიშზე, ძალადობაზე, დისკრიმინაციაზე),  რომელსაც ისინი განიცდიან. 

ქალთა მიმართ ძალადობა სხვადასხვა სახით ვლინდება. ესაა ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ტიპის ძალადობა. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში, გენდერული თანასწორობა დარღვეულია. სახელმწიფოში ფესვგადგმული პატრიარქატი, საშუალებას არ იძლევა, ერთნაირ გარემოში იცხოვრონ და იმუშაონ ორივე სქესის წარმომადგენლებმა. ამასთანავე, დაბალია პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულ ქალთა პროცენტული მაჩვენებელიც, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების სრულყოფილ ფუნქციონირებაზე დადებითად არ აისახება.

საზოგადოების განვითარების გზაზე წარმოქმნილი უსერიოზულესი წინააღმდეგობის არსებობას ყველა აღიარებს. უმრავლესობა დარდობს კიდეც თანამედროვე ეპოქაში ქალთა დისკრიმინაციული ყოფის შესახებ. შედეგად,

საქართველოში ქალთა ემანსიპაციისათვის ბრძოლის რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. თუმცა, მნიშვნელოვანი შედეგი არცერთს გამოუღია. ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული მიდგომების ცვლილებას და არა მათ განმტკიცებას, რაშიც მედია საშუალებების და სამოქალაქო საზოგადოების როლი განუზომელია. ამასთანავე, აუცილებელია ქალთა ჩართვა საჯარო სტრუქტურებში, უფლებადამცველ ორგანიზაციებში და სხვა მსგავს დაწესებულებებში, რათა ქალებს მიეცეთ ძალაუფლებაზე წვდომის საშუალება.

პრობლემის მოგვარებას სჭირდება სერიოზული, თანასწორი და ერთგული დახმარება საზოგადოების მხრიდან და, რაც მთავარია, სახელმწიფო პოლიტიკა მხარს უნდა უჭერდეს ამ საქმეს. ამ ფუნქციის საკუთარ თავზე აღება კი მხოლოდ დამოუკიდებელ მემარცხენე პარტიებს შეუძლიათ, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ახლა იკიდებენ ფეხს.

 

პრობლემის აღწერა

ტერმინი „გენდერი” აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, რომელიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. ამდენად, გენდერული როლები დამოკიდებულია კონკრეტულ სოციო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ კონტექსტზე და განიცდის სხვადასხვა ფაქტორების გავლენას რასის, ეთნიკურობის, კლასის, სექსუალური ორიენტაციის და ასაკის მიხედვით. გენდერული როლების შესწავლა ხდება და ფართოდ განსხვავდება თითოეული კულტურის ფარგლებში და კულტურებს შორის. პიროვნების ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებით გენდერული როლები შეიძლება შეიცვალოს.

უმნიშვნელოვანესია სექსიზმის დეფინიციაც, რომელიც განიმარტება, როგორც სქესობრივი ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის იდეოლოგია და პრაქტიკა.

იგი მოიცავს იმ სოციალურ სტერეოტიპებს, რწმენებსა და წარმოდგენებს, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის. განსაკუთრებით გავრცელებულია სექსიზმის ფორმა - ,,მამაკაცური შოვინიზმი“, თუმცა არსებობს ,,ქალაქური შოვინიზიც.“ სექსიზმი მამაკაცურ დომინირებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს. ეს იდეოლოგია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ვლინდება, ამცირებს, არახელსაყრელ პირობებში აყენებს ქალებს. ტრადიციული, პატრიარქალური შეხედულებები მამაკაცისა და ქალის როლზე თან სდევს ბავშვის სოციალიზაციის მთელ პროცესს და, ბუნებრივია, უყალიბებს რეალობის აღქმის ამა თუ იმ მოდელს, როგორც წესი, სტერეოტიპულს: ქალი - სამზარეულოში, მამაკაცი - სამსახურში და მრავალი სხვა.

სექსიზმის მთავარ ფუნქციას წარნმოადგენს სქესის როლური სტერეოტიპების გამართლება და გენდერული უთანასწორობის ლეგიტიმაცია“.

ნეოფროიდიანიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის ერიხ ფრომის მოსაზრება „ყოფნისა და ფლობის პრინციპები ცოდნასა და ძალაუფლებაში“ უდავოდ კარგი საფუძველი იქნება  განვიხილოთ ძალაუფლება, გენდერსა და სექსიზმში. ფრომის თანახმად, არსებობს ძალაუფლების ადამიანთან მისადაგებისას ორი განსხვავებული შემთხვევა: „ძალაუფლების ქონა“ და „ძალაუფლებად ყოფნა“.  პირველი მათგანი ძალაუფლებას აკავშირებს ამა თუ იმ ადამიანის  მდგომარეობასთან. როდესაც მათ კომპეტენტურობას განსაზღვრავს არა ფიზიკური ძალა(თუმცა სექსიზმის გამოვლინებისას ფიზიკური ძალაც ერთ-ერთ ფაქტორთაგანია), არამედ ისეთი თვისებები, როგორიცაა – სიბრძნე და გამოცდილება. ხოლო „ძალაუფლებად ყოფნა“ არა მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის კომპეტენციას  ეხება გარკვეულ საკითხებში, არამედ, მთლიანად პიროვნების ბუნებას. რომელმაც განვითარებისა და ინტეგრაციის მაღალ დონეს მიაღწია(ასეთი ძალაუფლების არასწორი გათავისების და მჩაგვრელობითი ფორმების განხორციელების შემთხვევაში საკითხავია „სექსიზმის გულშემატკივარი“ ადამიანი, რამდენად აღწევს განვითარებისა და ინტეგრაციის მაღალ დონეს). უმნიშვნელოვანესია ძალაუფლების, როგორც რაციონალური ისე ირაციონალური მხარეების გააზრებაც. „რაციონალური“ ძალაუფლება კომპეტენტურობას ეფუძნება: ასეთი სახის ძალაუფლება ხელს უწყობს, მასზე დაყრდნობილი ინდივიდის ზრდას. „ირაციონალური“ კი – ძალიდან გამომდინარეობს და მასზე დაქვემდებარებული ინდივიდის ექსპლუატაციას ემსახურება. შესაბამისად, სექსიზმის, გენდერული ჩაგვრის დროს, სქესთა შორის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია ორმხრივი, ურთიერთქმედი „რაციონალური ძალაუფლების“ დემონსტრირება.

 სულაც არ არის აუცილებლი ძალაუფლება ქალის კაცზე, ან ქალის კაცზე რაიმე ძალმომრეობითი, ჩაგვრითი (მოგება-წაგების კონფლიქტის) ფორმით ხორციელდებოდეს. მაგალითად, სასკოლო გარემოში, სადაც ხდება გოგონათა და ვაჟთა გონებრივი შესაძლებლობების გამიჯვნა/გამორჩევა მასწავლებლის მიერ, რომელიც ამბობს, რომ მათემატიკურ ამოცანებს ვაჟები უკეთესად ხსნიან ვიდრე გოგონები, და რომ გოგონათა „საქმე“ ჰუმანიტარული დარგები, ან ხელსაქმე, გათხოვება და შვილების გაჩენაა- სექსიზმის ნიმუშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისის შემდეგ აჭარაში ფიქსირდება.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-დან 44-წლამდე ქალები არიან. ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა  თბილისი  (632  ფაქტი),  მეორეზე  - აჭარა  (84).

ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს იმიტომ ეშინიათ პოლიციის გამოძახების, რომ თავიანთი ოჯახის წევრი ციხეში არ ჩასვან. თუმცა ჩვენი ორგანიზაციისადმი მომართვიანობა ბოლო დროს გაიზარდა.(http://www.netgazeti.ge/GE/105/News/10334/

) ქვეყანაში გავრცელებული ამგვარი ტენდენცია, უარყოფითად მოქმედებს პრობლემის აღმოფხვრისათვის ბრძოლაზე. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას სჭირდება მიხედვა და საზოგადოებრივი ჩართულობა, რათა საკითხი მოგვარებულ იქნას.

აზიის განვითარებად ქვეყნებში, ქალთა მიმართ ძალადობა უფრო მწვავედაა გამოხატული. მაგალითად: საუდის არაბეთში ქალებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, იყარონ კენჭი და ატარონ მანქანა. ქუვეითში საკანონმდებლო ორგანოს წევრ ქალებს კოლეგები ხშირად აკრიტიკებენ ხიჯაბის არტარების გამო. სასამართლოში იშვიათია ქალისთვის სამართლიანი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან, უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცს უპირატესობა აქვს კანონის წინაშე."

გაზვიადებული იქნება  ქართულ სოციუმში, გენდერული უთანასწორობისა და სექსიზმის გამოვლინება ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში არსებულ მსგავს მდგომარეობას შევადაროთ(არავინ იწყებს მსჯელობას ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი შედარებითია, რადგან საქმე ადამიანის, ქალთა უფლებების სფეროს ეხება), მაგრამ, ქართულ სოციუმსაც საკმაოდ მყარად აქვს გამჯდარი გენდერული სტერეოტიპები და სექსიზმის გამოვლინებანიც მისი ყოველდღიურობის ნაწილია. ყოველივე ამას ამყარებს პატრიარქალური კულტურა და  ნორმები. ხშირია როდესაც ქართულ კულტურაში სექსუალურად რეალიზებული ქალი „მსუბუქი ყოფაქცევის ქალია“, „ქალს არ აქვს მუშაობის დრო, რადგან მან ბავშვებსა და ოჯახს უნდა მიხედოს“, „საოჯახო საქმის კეთება მხოლოდ ქალის მოვალეობაა“,“ კარგი ცოლი ყოველთვის ქმრის მორჩილი უნდა იყოს (მორჩილება-ნეგატიურ კონტესტში, მაგ: უნდა აიტანოს ცემა, გინება და პიროვნული თავისუფლების სხვადასხვა ფორმის შეზღუდვა)“, „ქალი სუსტია“, „ქალს ჭკუას არ ეკითხებიან“ „ქალს „ათხოვებენ“(ტერმინი „ათხოვებენ“) და ა.შ ქართველი მამაკაცების უმეტესობა თავის ძალაუფლებას „მასკულინობის მათეულ გაგებას, ფიზიკურ სიძლიერესა და „აღმატებულ“ არსებებად ყოფნას მიაწერს“, კრიტიკულ მომენტში იშველიებს, რომ მართლმადიდებლური მრწამსი „ქალის კაცისადმი მორჩილებას ქადაგებს“ (ეს მაშინ, როდესაც ძალადობრივი და ჩაგვრითი გარემოს არარსებობა ზოგადად, მართლმადიდებელთა( იგულისხმება ქალისა და კაცი) ცხოვრებაში რწმენის ურყევი დოგმატია).

 

შესაძლო ვარიანტები

ქალთათვის ძალაუფლების მინიჭების საკითხები, ყოველთვის მნიშვნელოვანწილად უკავშირდებოდა არჩევნებს და ქვეყნის მართვის პროცესებში მათ ჩართულობას.  2012 წელს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დეპუტატ ქალთა რაოდენობა წარმომადგენლობით ორგანოში 6%-დან 10,8%-მდე გაიზარდა. მიუხედავად პროგრესისა, აღნიშნული რჩება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართვის დაბალ ინდიკატორად, რასაცმოწმობს „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსი.  ამავე წელს, საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით 109-ეპოზიციას იკავებდა 133 ქვეყნის მონაცემთა შორის“. ყველა ამ სფეროში, ალბათ უპირველესად, საუბარი თანაბარ სასტარტო პირობებსა და ბაზისურისაჭიროებების დაკმაყოფილებაზე მიმდინარეობს და რეიტინგის ბოლოში ყოფნა, არცთუ სახარბიელოა ქვეყნისთვის.

საკანონმდებლო რეგულირების კუთხით, ქართულ კანონმდებლობაშიც მოიძიება საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“, რომელიც ნათლად განმარტავს: გენდერის, გენდერული თანასწორობის, პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის, თანასწორი მოპყრობისა და თანასწორი შესაძლებლობების ცნებებს. გენდერული თანასწორობა არის “ადამიანის  უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანაბარ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობასა და თანასწორ მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში” (კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, მე-3 მუხლი, 1 ბ პუნქტი, 2010). ასევე კანონი მეტ-ნაკლებად არეგულირებს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიებს ადამიანთა მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა განათლება, დასაქმება და ა.შ.  განსაკუთრებით  სენსიტიურ სფეროდ ისევ და ისევ ოჯახური ძალადობის სფერო მიიჩნევა, რომელიც კარგად შეფარულია სტერეოტიპებით და რომ არა არსებული ტაბუ, ქალთა უფლებების დარღვევის  მნიშვნელოვან მაჩვენებლებს მივიღებდით (დღეს კი ლაპარაკი მხოლოდ მიახლოებით მაჩვენებლებზე შეგვიძლია). საგანგაშოა ქალთა შრომითი უფლებების საკითხებიც, სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის თანახმად: „მიუხედავად კვალიფიკაციისა და განათლებისა, ქალები დომინირებენ არასამეწარმეო დარგებში, სადაც შრომის ანაზღაურება გაცილებით დაბალია.

გაეროს “კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მიღებული იქნა გაეროს გენ.ანსამბლეის მიერ 1979 წელის 18 დეკემებერს  და იგი ეხება ქალთა უფლებების დაცვას მთელს მსოფლიოში. ქვეყნებმა, რომლებმაც მოახდინეს კონვენციის რატიფიცირება უნდა დაადგინონ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები ქალთა სტატუსის გასაუმჯობესებლად. კონვენცია აქცენტს აკეთებს 3 ძირითად საკითხზე:

  • ქალთა სამოქალაქო უფლებები და სამართლებრივი სტატუსი       
  • რეპროდუქციული ფუქნციები
  • კულტურული ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ გენდერულ ურთიერთობებზე.

“იოგუაკარტას პრინციპებიდან –ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გამოყენების შესახებ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიმართ”. ( მარტი, 2007, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http/www.yogyakartaprinciples_en.htm)

იანვრიდან 8 თვის განმავლობაში ქალთა 14 მკვლელობა დაფიქსირდა. არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ღია დისკუსიების მოწყობა, პრობლემების საფუძვლების შესწავლა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივი ძიება. აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით და უნივერსიტეტებსა და საჯარო სკოლებში შესაბამისი სასწავლო კურსის დამატება.

გენდერული თანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით, 2013 წელს საქართველო 68 ქვეყანაში ვერ მოხვდა. ისეთი ევროპული ქვეყნები, რომლებიც ამ სიაში ლიდერობენ: ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი. განვითარებული ევროპული სახელმწიფოება, სადაც გენდერული მაჩვენებელიც თანასწორია.  ( ლიტ. http://www3.weforum.org/docs/WEF_GenderGap_Report_2013.pdf )

 

შეჯამება და რეკომენდაციები

ჩვენს ქვეყანაში არსებული გენდერული უთანასწორობისა და სექსისტური პრობლემებიდან გამომდინარე, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ამ პრობლემის გადაჭრაში უნდა ჩაერთოს ყველა შესაბამისად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო, საჯარო თუ არასამთავრობო სექტორი, რათა მოხდეს ოპტიმალური გზით პრობლემატური საკითხის მოგვარება. ამ პროცესში, დიდი როლს ითამაშებს მოსახლეობის საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლება. 

ვფიქრობ, ქვეყანაში  შესაბამისი ღონისძიებების გატარებით, სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობითა და მასშტაბური პროპაგანდის მეშვეობით, ახლო მომავალში დაძლეულ იქნება ის ტრადიციული, სექსისტური თუ რელიგიური დოგმები, რომლებიც ხელს უშლიან გენდერული ბალანსის დაცვას და სექსისტური ატმოსფეროს შენარჩუნებას ქვეყანაში.

შესაბამისად, შევეცდები ჩამოვაყალიბო ჩემი რეკომენდაციები პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ვფიქრობ, ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება უნდა მოხდეს სხვადასხვა ტიპის კლუბებისა და ნებაყოფლობითი ორგანიზაციების შექმნისა და მათ საქმიანობაში ქალთა ჩაბმის მეშვეობით.

მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს ქალთა ორგანიზაციებს როგორც ქალაქში, ასევე სოფლად და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში, სადაც მეტი შეზღუდვები არსებობს ქალის მამაკაცის თანაბარ მდგომარეობაში და პოზიციებზე მუშაობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, საქართველოს ასეთ რეგიონებში, ქალებს უნდა მიეცეთ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა.  ამასთანავე, ხელი უნდა შეეწყოს ქალების გენდერულ თანასწორობასა და ინტეგრაციას, რაც მოიაზრებს ადგილობრივად თუ ქვეყნის მასშტაბით, გენდერთან და სექსიზმთან დაკავშირებით სემინარების ჩატარებას.

ხელი უნდა შეეწყოს იმის გაცნობიერებას საზოგადოების მხრიდან, რომ ოჯახური ძალადობა, გენდერული თუ სექსისტური პრობლემები, არა მხოლოდ კერძო, არამედ საზოგადოებრივი პრობლემაა. უნდა შეიცვალოს მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხებთან დაკავშირებით. რათა გაიაზრონ მათ, რომ ეს არის საზოგადო პრობლემა და ყველას ჩარევა აუცილებელია მის მოსაგვარებლად. დამოკიდებულების შეცვლა ნამდვილად რთული და ხანგრძლივი პროცესია. ის მოითხოვს მრავალხრივ და მიზანმიმართული ღონისძიებების გატარებას. აქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო პოლიტიკა, კანონმდებლობა, საჭიროა განათლების სისტემაში დაინერგოს შესაბამისი კურსები  საზ. ცნობიერების ამაღლებისათვის,  აუცილებელია მედია საშუალებების გააქტიურება და სამთავრობო თუ არასამთავრობო ინსტიტუტების შესაბამისი ქმედებები პრობლემის აღმოსაფხვრელად.  

საჭიროა გაიზარდოს ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელს უნდა მიეცეს საშუალება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები. არ უნდა მოხდეს კერძო თუ საჯარო სამსახურებში გენდერული ნიშნით აყვანა, დაწინაურება, ხელფასის მომატება, პრემიების დანიშვნა და ასე შემდეგ. ადამიანური კაპიტალი მჭიდროდაა დაკავსირებული პიროვნების კეთილდღეობასთან, მამაკაცისა და ქალის შესაძლებლობებთან, ქონდეთ ნორმალური ცხოვრების პირობები.

აუცილებელია, ქალთა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების გაზრდა, რომლებიც ხელს შეუწყობენ პრობლემის საჯაროდ გამოტანას და შეეცდებიან საზოგადოებას დაანახონ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ( მოაწყობენ საჯარო დებატებს, სემინარებს და ტრეინინგ-კურსებს ყველა ასაკის დაინტერესებული პირებისათვის, მოაწყობენ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს და ა.შ.) .

ქალების მონაწილეობა საჯარო სარბიელზე ერთ-ერთი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია. ქალების პოლიტიკაში ჩართვის დინამიკა სასწრაფო საკანონმდებლო ზომების გატარებისაკენ გვიბიძგებს. აუცილებელია შემოღებულ იქნას კვოტირების სისტემა პარლამენტში და ხვა სახელმწიფო ორგანოებში. მხარი უნდა დაეჭიროს იმ პარტიებს, რომლებიც ქალებს სარჩევნო სიის ზედა ნაწილში წარმოადგენენ. 

 

რეზიუმე

ჩემი საკვლევი თემა გენდერსა და სექსიზმს ეხება.  შესაბამისად, საქართველოს რეალობაზე დაყრდნობით, მომიწია ამ პრობლემებზე ინფორმაციის და მონაცემების შეგროვება, მათი ჩამოყალიბება „policy paper-ის“ სახით და საბოლოოდ ჩემი შეხედულებებისა და დასკვნების გამოტანა.

საკვლევი საკითხი, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საზოგადო პრობლემას, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას ეხება. პრობლემას არ  აქვს მხოლოდ ლოკალური და რეგიონული დატვირთვა. ის გლობალური მასშტაბის საკითხია, რომელსაც დიდი ისტორიული და მსოფლიო გამოცდილება გააჩნია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს გენდერული თანასწორობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მართალია, ამ მაჩვენებლის მიხედვით, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს აზიის და განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ,  საკმაოდ ჩამოვრჩებით ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს. აქედან გამომდინარე, საქარველოში ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას და მოითხოვს დაუყონებლივ ზომების მიღებას, რათა ახლო მომავალში მოგვარდეს.  ამას ემატება, საქართველოში უკანასკნელ პერიოდში,  ქალთა მიმართ გაზრდილი ძალადობის შემთხვევები, რამაც კიდევ უფრო გააღვივა ჩემი ინტერესი თემის მიმართ.

ჩვენი ქვეყნის რეალობაში, ქალებზე ძალადობა ძირითადად ოჯახში ხდება. სტატისტიკაზე დაყრდნობით, თბილისში ყველაზე მეტი შემთხვევა აღინიშნა.  ოჯახური ძალადობა სექსიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ამას გარდა, დასაქმების მხრივაც ქალების უფლებები დარღვეულია. მდედრობითი სქესის მცირე ნაწილია ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც, უმეტესწილად ქართული მენტალიტეტის და ტრადიციების ბრალია. ქალები ძირთადად არასამეწარმეო დარგებში არიან ჩართულნი, სადაც შრომის ანაზღაურება გაცილებით დაბალია.

ამ პრობლემების გადასალახად და საკითხის მოსაგვარებლად, აუცილებელია ქალების აქტიური მონაწილეობა საჯარო და პოლიტიკურ ასპარეზზე. (პარლამენტში და სხვა უწყებებში კვოტების დაწესება).  ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაზრდა; მოსახლეობაში ამ საკითხის პროპაგანდირება და საზოგადოების თვითშეგნების ამაღლება; ქალთა უფლებებისადმი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება და გამრავლება.

და ბოლოს, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ზემოთხსენებული პრობლემის გააზრების, რეკომენდაციების გათვალისწინებისა და მათი გონივრულად შესრულების შედეგად, პრობლემის მოგვარება უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება.